ფეხბურთი

19:55 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

U17: საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდშია!

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი წარმატებით დაძლია და ელიტ რაუნდში თამაშის უფლება ვადაზე ადრე ოფიციალურად გაიფორმა. გიორგი ნემსაძის გუნდმა “მიხეილ მესხზე” მონტენეგრის ნაკრებს ადვილად, 2:0 აჯობა.

იტალია და საქართველო სწორედ ეს ორი გუნდი გავიდა ჯგუფიდან. ქართველებმა პირველ ტურში ლატვიას აჯობეს (1:0), თუმცა თამაშის ხარისხი არ იყო მაინცდამაინც, მაღალ დონეზე. ამჯერად, მონტენეგროსთან უკვე უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ გვაქვს – ანგარიშიც დამაჯერებელი გამოვიდა და წმინდა სათამაშო ელემენტებიც ბევრად მაღალ დონეზე იყო წარმოჩენილი.

ქართველები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნდენ და ადვილი შესაძლებელი იყო, უფრო დიდი სხვაობაც დაფიქსირებულიყო. ნემსაძის გუნდს პირველ ტაიმში რამდენჯერმე შეეძლო მეტოქის კარის აღება: შალიკაშვილმა ძელს მოარტყა, კვარაცხელიას მეკარემ აჯობა, ხოლო გულიაშვილის თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა. თუმცა, გოლი მაინც გავიდა, რაც სრულიად ლოგიკურიც იყო – მარჯვენა ფლანგიდან კაპანაძემ გულიაშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დაუტოვა ზურიკო დავითაშვილს და კაპიტანმა ასევე ერთი შეხებით, მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეში გაუშვა ტყავის სფერო – ლამაზი გოლი გამოვიდა. კომბინაციაც ჩინებული იყო და გადამწყვეტი დარტყმაც მაღალ დონეზე შესრულდა 1:0. მონტენეგროს სიტუაცია მალე კიდევ უფრო მძიმე გახდა. გულიაშვილთან უხეშობისთვის აბდელ ოსმანოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გასახდელის გზას ნაადრევად გაუდგა.

ნათელი გახლდათ, რომ სტუმრები თამაშში გარდატეხას ვერ შეიტანდნენ. ასეც მოხდა. მეტიც, მეორე ტაიმში საქართველომ უპირატესობა გააორმაგა. გოლი კი ისევ ლამაზი გამოვიდა: დავითაშვილმა ხვიჩა კავარცხელია მოძებნა და საქართველოს ნაკრების შემტევმა შორეულ ცხრიანს დიდოსტატურად დაუმიზნა – 2:0. მერე, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და 6 ქულა დააგროვა. 6 ქულა იტალიის ნაკრების დარად და ბოლო ტურში მიუხედავად შედეგისა, ელიტ რაუნდში თამაში გაინაღდა.

მონტენეგროსთან მატჩზე კი რა გვეთქმის: არაფერი დაეწუნებოდა – იგრძნობოდა ქართველთა უპირატესობა ყველა სათამაშო ასპექტში. იყო თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებიც. კომბინირება, ფლანგების აქტიური მონაწილეობა შეტევაში და ინდივიდუალური საშემსრულებლო კლასიც. ლატვიასთან მატჩთან შედარებით პროგრესი მართლაც თვალსაჩინო იყო.

ახლა წინ ბოლო ტურია, რომელიც მხოლოდ ფომრალობაა. საქართველო იტალიას ხვდება, ხოლო აუტსაიდერები მონტენეგრო და ლატვია ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას. რაც შეეხება ჩვენი გუნდის დასკვნით თამაშს – 30 ოქტომბერს გაიმართება. ადგილი და დრო უცვლელია: “მიხეილ მესხის” სტადიონი და 18:00 საათი.

საქართველო U17 – მონტენეგრო U17 2:0 (1:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო U17 (4-2-3-1): ხარშილაძე; გელაშვილი, ნონიკაშვილი, აბზიანიძე (ლორთქიფანიძე 65); კაპანაძე, შალიკაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი; დავითაშვილი (მოისწრაფიშვილი 80); კვარაცხელია, გულიაშვილი (გაგუა 73)

მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

მონტენეგრო U17 (4-2-3-1): რადულოვიჩი; დრინჩიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, პუპოვიჩი; რადევონიჩი, ვუკჩევიჩი; ი. ვუკჩევიჩი (სიმუნი 71), დინოსა, გასევიჩი (მუზუროვიჩი 41); ბოიოვიჩი (მიკიჩი 65)

გოლები: 1:0 დავითაშვილი (28), 2:0 კვარაცხელია (46)

გაფრთხილება: დავითაშვილი (2), აბზიანიძე (62) – ოსმანოვიჩი (18, 31), მილიკიჩი (21), რადენოვიჩი (27)

გაძევება: ოსმანოვიჩი (31)

1. იტალია U17 2 2 0 0 4:0 6
2. საქართველო U17 2 2 0 0 3:0 6
3. ლატვია U17 2 0 0 2 0:2 0
4. მონტენეგრო U17 2 0 0 2 0:5 0
0.125179