ფეხბურთი

22:05 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის სხვაობა ორი პენალტია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “მილანთან” შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა “ნაპოლისთან” ჩამორჩენაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კამპანიელებს მისი გუნდი არაფრით ჩამოუვარდება.

“სიტუაციის დრამატიზება საჭირო არაა. ჩვენ ახლა უფრო მეტი ქულა გვაქვს, ვიდრე შარშან ამავე ეტაპზე. უბრალოდ, სხვა გუნდებიც უკეთ თამაშობენ გასულ სეზონთან შედარებით. “ნაპოლისა” და ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ორი გაცუდებული თერთმეტრიანია. მიმდინარე სეზონის ბედი ბოლო ტურებში გადაწყდება. უკანასკნელ 5 ტურში სამი მატჩის გამართვა უშუალო კონკურენტებთან მოგვიწევს და ყველაფერი მაშინ გაირკვევა.

“მილანი”? – ეს იქნება დიდი მატჩი. “მილანს” სურს, რომ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესოს. ბონუჩიმ “იუვენტუსში” ფანტასტიკური 7 წელი გაატარა. სამწუხაროა, რომ იგი ვერ ითამაშებს – ასეთ შეხვედრებს დიდი ფეხბურთელები არ უნდა აკლდებოდნენ”, - განაცხადა ალეგრიმ.

როდესაც ალეგრიმ “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის განსხვავებად ორი პენალტი მიიჩნია, პაულო დიბალას ვერგატანილი თერთმეტრიანები იგულისხმა. არგენტინელმა “ატალანტასთან” (2:2) 85-ე წუთზე, ხოლო “ლაციოსთან” (1:2) 90-ე წუთზე ვერ გამოიყენა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი. არადა, დიბალას ორჯერვე რომ ევარგა, ახლა “იუვეს” და “ნაპოლის” თანაბარი ქულები ექნებოდათ. თუმცა, ნეაპოლიტანელები პირველ პოზიციაზე არიან 28 ქულით, ხოლო “იუვეს” აქტივში 25 ქულაა.

რაც შეეხება “მილანისა” და “იუვენტუსის” საინტერესო მატჩს, 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება. საგულისხმოა, რომ იტალიური მედიის ცნობით, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია და “სან სიროზე” სრულ ანშლაგს ელიან.

0.119188