ძიუდო

18:27 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზებედა რეხვიაშვილი "ბრინჯაოს ფინალში" დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის აბუ დაბიში მიმდინარე გრან სლემის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. დღეს, მამაკაცთა და ქალთა შორის სულ მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან კი კონკურენციაში მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ჩაება და... საპრიზო სამეულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგება დააკლდა.

ძირითად ბადეში რეხვიაშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში საქმე "ოქროს დრომდე" მივიდა. მოლდოველ დორინ გოტონგას ვაზარით გასცდა. ფრანგ ჯონათან ალარდონსა და ირანელ საეიდ მოლაეის უილეთო ბრძოლაში, გაფრთხილებით აჯობა. ნახევარფინალში კი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან დამარცხდა.

აქამდე ზებედა რეხვიაშვილი დე ვიტს სამჯერ დასჭიდებოდა და მხოლოდ ერთხელ მოეგო. სწორედ მასთან შეხვედრით გამოეთიშა წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატს. რევანში არ შედგა - ფინალის საგზურის ბედი მეხუთე წუთის მიწურულს, ვაზარით გადაწყდა.

რეპეშაჟის ფინალში რეხვიაშვილი კიდევ ერთ უხერხულ მეტოქეს - ევროპის მოქმედ ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუბეცოვს დაუპირისპირდა, კონტრ-ილეთზე ორჯერ დავარდა ვაზარიზე და გრან სლემი მეხუთე ადგილით დაასრულა. ამასთან, 360 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

ხვალ, მამაკაცებს შორის მედლები ბოლო სამ წონით კატეგორიაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს კი ორი მონაწილე ეყოლება: ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

0.144938