ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა. მიუხედავად იმისა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” ბოლო ტურში “სპალი” (4:1) დაამარცხა, ალეგრი შეგირდებს გაუწყრა.
“მილანთან” ასე თუ ვითამაშებთ, აუცილებლად დავმარცხდებით. კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე გაგვიმართლა. მთავარი პრობლემა კონცენტრაციის ნაკლებობაა და ეს უნდა გამოვასწოროთ. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ბალანსი გუნდის თამაშში”, - აღნიშნა ალეგრიმ.
“იუვენტუსი” 10 ტურის შემდეგ 25 ქულით მესამე ადგილზეა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შედეგით “იუვე” ბოლო წლებში ყოველთვის ლიდერობდა, თუმცა წელს ფანტასტიკურად თამაშობენ “ნაპოლი” და “ინტერი”. ასევე, რომის “ლაციო”, რომელსაც 25 ქულა აქვს “იუვეს” დარად.
აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსი” ძალზე შედეგიანად თამაშობს შეტევაში (31 გოლი), მაგრამ დაცვაში მისთვის არადამახასიათებლად ცუდად თამაშობს (10 გოლი). რაც შეეხება “მილანი” – “იუვენტუსის” შეხვედრას, 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.