ფეხბურთი

22:00 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

U17: საქართველოს ნაკრებმა ელიტ რაუნდისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, გამარჯვებით დაიწყო. გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველ ტურში ლატვიის ძლევა მოახერხა.

თამაში საკაოდ დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, თუმცა დაძაბული იყო. ლოგიკურიც იყო, ომ ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. კარგია, რომ ეს ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრებმა გაიტანა - 21-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან კაპანაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, პასს კი ხვიჩა კავარაცხელია გამოეხმაურა და ძლიერი დარტყმით სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ გოლი არ გავიდოდა, რომ არა ლატვიის ნაკრების მცველის უხეში შეცდომა, რომელიც ბურთის მოგერიებას სცდილობდა, მაგრამ ფეხი კარგად ვერ დაუხვედრა და ტყავის სფერო კვარაცხელიამდე მივიდა - "ჯვაროსნების" შემტევმა კი კარგად შეასრულა, ერთი შეხებით აუღებელი დაარტყა.

მერე, ბევრი მომენტი არ შექმნილა, თუმცა შეიძლებოდა ანგარიში შეცვლილი. ხიფათი როგორც მასპინძელი, ისე სტუმარი გუნდის კართანაც იქმნებოდა დრო და დრო, მაგრამ შემტევები სცოდავდნენ. მსაჯის საფინალო სასტვენმა კი, საქართველოს ნაკრების გამარჯვება დააფიქსირა.

მართლაც მნიშვნელოვანი სამი ქულაა, რადგან ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. ამავე ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში იტალიამ მონტენეგროს ადვილად აჯობა - 3:0. სწორედ მონტენეგროს ნაკრები იქნება ნემსაძის გუნდის მეტოქე 27 ოქტომბერს. აღნიშნული შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მას "მიხეილ მესხის" არენა უმასპინძლებს.

ლატვია U17 - საქართველო U17 0:1 (0:1)

თბილისი, „მიხეილ მესხი"

ლატვია U17: დუბოდელოვსი, ტრუსკოვსკისი, ლიბეკსი, ოზოლინში, ვარსლავანსი, ვილერსი, მაგრინსი, კრიუკოვიჩსი (კალნინში 55), სიდოროვსი (ვილიუმსონსი 26), ფედოროვიჩსი, კირკილსი

მთავარი მწვრთნელი: იგორს სტეპანოვსი

საქართველო U17: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია (შვარცი 71), ჩოთალიშვილი, გულიაშვილი (ჯანგველაძე 80), დავითაშვილი, აბზიანიძე (შალიკაშვილი 54), მექვაბიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

გოლი: 0:1 კვარაცხელია (21)

გაფრთხილება: მაგრინსი (27), ვილიუმსონსი (61) - ჩოთალიშვილი (44, 71), გულიაშვილი (59), აზაროვი (61)

გაძევება: 71’ ჩოთალიშვილი

მსაჯი: რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

0.120608