კალათბურთი

14:18 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" „კლუჟ-ნაპოკასთან“ მატჩისთვის ემზადება

საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს. მანამდე კი, დღეს, 19:15 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მის: უნივერსიტეტის ქ.N15) ღია ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

წლების შემდეგ ევროასპარეზზე დაბრუნებული „დინამო“ ფიბა ევროპის თასზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან მოხვდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა თავდაპირველად ფიბა-ს რანგით უმაღლეს ტურნირში მოსინჯა ძალა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლა.

„დინამო“ ჯგუფში ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკასთან“ და თურქულ „ისთანბულთან“ მოხვდა.

ქართულმა კლუბმა ჯგუფის პირველი შეხვედრა 18 ოქტომბერს, ბულგარეთში გამართა და დაძაბულ ბრძოლაში - 70:73 დამარცხდა. დინამოელთა მომავალმა მეტოქემ კი პირველ ტურში შინ „ისთანბულს“ 90:69 სძლია. ფიბა ევროპის თასზე ჯგუფში 6 ტურის შემდეგ საუკეთესო 2 გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა.

მეორე ტურის მატჩი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.

gbf.ge

0.120928