ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს გუნდში გარეთ ბეილის დამატება სურს. Sky Sports-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი აპირებს, რომ იანვარში დიეგო კოშტას “ატლეტიკოში” გადასვლით მიღებული თანხა უელსელის გამოსასყიდად გამოიყენოს, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს თანხა საკმარისი არ იქნება.
არაერთხელ დაიწერა, რომ ბეილის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს, თუმცა “არისტოკრატები” ეცდებიან “წითელ ეშმაკებს” 28 წლის გარემარბის შეძენა დაასწრონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისათვის ბეილი ტრავმის მოშუშებას ცდილობს და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება მას ფორმის აღსადგენად.
ბეილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით “რეალის” შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ხელშეკრულებას, უელსელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.