ლუის ჰამილტონმა აშშ-ის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და გარდა იმისა, რომ ამით მეოთხე ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა, „მერსედესს“ ზედიზედ მეოთხედ მოაპოვებინა კონსტრუქტორთა თასი. ის ახლა უკვე 66 ქულას უგებს უახლოეს მდევარ სებასტიან ფეტელს და დარჩენილ სამ რბოლაში მხოლოდ 9 ქულაც ეყოფა იმისათვის, რომ მსოფლიოს პირველი ბრიტანელი ოთხგზის ჩემპიონი გახდეს.
ჰამილტონმა რბოლა საკმაოდ ადვილად მოიგო იმის მიუხედავად, რომ ფეტელმა სტარტზევე გაასწრო. ბრიტანელმა მეექვსე წრეზევე დაიბრუნა ლიდერის პოზიცია და ის მხოლოდ მაშინ დათმო, როცა პიტ სტოპი შეასრულა. ბოქსიდან რომ გამოდიოდა, ფეტელს გასწრების შანსი ისევ მიეცა, მაგრამ ამჯერად „მერსედესის“ პილოტმა ამის საშუალება არ მისცა.
„მომწონს ეს ტრეკი. ვფიქრობ, ის ჩემთვის ფავორიტი ტრეკი გახდა. ვულოცავ გუნდს, ისინი აქაც და საწარმოშიც თავდაუზოგავად მუშაობენ“, - კვარცხლბეკზე, სპრინტში მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონთან და რეკორდსმენთან, იამაიკელ უსაინ ბოლტთან ინტერვიუსას განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც გამარჯვების თასი თვით აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გადასცა. ჰამილტონისთვის ეს ამ სეზონში მეცხრე, კარიერაში კი 62-ე გამარჯვებაა.
ფეტელი მეორე ადგილს დასჯერდა, კვარცხლბეკის მესამე საფეხური კი, მიუხედავად იმისა, რომ ფინიშთან მეოთხე მივიდა, მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა დაიკავა. ფინლს ბოლო წრეზე მაქს ფერსტაპენმა გაასწრო, მაგრამ რბოლის შემდგომ, სტუარდებმა გადაწყვიტეს, რომ გასწრებისას ჰოლანდიელმა მიზანს სახიფათო მანევრით მიაღწია, რისთვისაც ის 5 წამით დააჯარიმეს. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითებულიყო.
„სტარტი კარგი მქონდა, ლუისს გავასწარი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მისი ტემპის აყოლა შეუძლებელი იქნებოდა. ბოლოს მეორე პიტ სტოპიც ვცადეთ, რამაც ტემპის გაზრდის საშუალება მომცა, მაგრამ საერთო ჯამში, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც მეორე სტოპის შემდეგ, მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, თუმცა რბოლის მიწურულს, ვალტერი ბოტასს გაასწრო, რის შემდეგაც, იმ მომენტში მეორეზე მყოფმა რაიკონენმა გზა დაუთმო. ბოტასს საბურავები მეტისმეტად გაცვეთილი ჰქონდა და როგორც კი ფეტელმა ჩამოიტოვა, მაშინვე ბოქსებს პიტ სტოპზე მიაშურა. საბოლოოდ კი მეხუთე ადგილს დასჯერდა.
მომდევნო ეტაპს ერთ კვირაში მექსიკა უმასპინძლებს.
აშშ-ის დიდი პრიზი
ოსტინი (ტექსასი), ცირკვიტ ოფ ამერიკას, დისტანცია 308.405 კმ (5.513 კმ, 56 წრე)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:33:50.993
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:10.143
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:15.779
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:16.768
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:34.967
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 01:30.980
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 01:32.944
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
- ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 32 წრე
გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 42 წრე
გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 51 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 53 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:37.766, 51-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 331 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 265; 3. ვალტერი ბოტასი - 244; 4. დანიელ რიკარდო - 192; 5. კიმი რაიკონენი - 163; 6. მაქს ფერსტაპენი - 123; 7. სერხიო პერესი - 86; 8. ესტებან ოკონი - 73; 9. კარლოს საინსი - 54; 10. ფელიპე მასა - 36; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 34; 12. ლანს სტროლი - 32; 13. რომენ გროჟანი - 28; 14. კევინ მაგნუსენი - 15; 15. სტოფელ ვანდოორნი - 13; 16. ფერნანდო ალონსო - 10; 17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) - 8; 18. პასკალ ვერლაინი - 5; 19. დანილ კვიატი - 5; 20. მარკუს ერიკსონი - 0; 21. ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) - 0; 22. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) - 0; 23. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) - 0
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 575 ქულა; 2. ფერარი - 428; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 315; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 159; 5. უილიამს-მერსედესი - 68; 6. ტორო როსო-რენო - 53; 7. რენო - 48; 8. ჰაას-ფერარი - 43; 9. მაკლარენ-ჰონდა - 23; 10. ზაუბერ-ფერარი - 5







