ბლოგი

19:40 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

6 რამ, რაც ფეხბურთისა და პოლიტიკის მოყვარულებს აერთიანებთ

სანამ ფეხბურთი და პოლიტიკა იარსებებს, ამ ორ ფენომენს ერთმანეთთან ალბათ ყოველთვის დააკავშირებენ და ყოველთვის იმსჯელებენ, უნდა იკვეთებოდეს თუ არა სპორტისა და პოლიტიკის გზები და ღირს თუ არა ბრძოლა სპორტისა და პოლიტიკის გადაჯაჭვულობის წინააღმდეგ. რეალობა ისაა, რომ სპორტი/ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთს მრავალი რამით გავს და ეს პირველ რიგში როგორც პოლიტიკაზე, ასევე სპორტზე შეყვარებულ ადამიანებში ჩანს.

როდესაც ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანი საუბრობს, მისი სტილი ხშირად არაფრით განსხვავდება პოლიტიკური მოტივაციის მქონე კაცისგან. ამ კონკრეტულ მსგავსებებზე ქვემოთ სახალისო პუნქტების სახით ვისაუბრებთ:

  1. ფეხბურთისა და პოლიტიკის ფანებს პირველ ყოვლისა, „იდეური კარჩაკეტილობა“ ახასიათებთ და მათთვის საყვარელი პოლიტიკური ძალისა თუ საფეხბურთო კლუბის იქით, ყველა სხვა მიუღებელია. ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ფანებზე, რომლებიც ხშირად არც საყვარელი ორგანიზაციის ემბლემის მკერდზე ამოსვირინგებაზე არიან უარს.
  2. ლიდერი ყოველთვის მართალია! - ალბათ ეს ლოზუნგი თანაბრად შეესაბამება როგორც საყვარელი კლუბის კაპიტანს თუ მწვრთნელს, ასევე პოლიტიკური პარტიის ლიდერს. ლიდერისადმი სიყვარული ხშირად კლუბზე თუ პარტიაზე მეტად მნიშვნელოვნად ითვლება და მათი შეურაცხყოფის გამო, ბევრი მუშტი-კრივზეც წასულა.
  3. წარსულის იდელიზაცია. უმთავრესია, რომ ყველა კლუბისა თუ ნაკრების ქომაგი „დიად წარსულზე“ აპელირებს და აწმყო, რაც არ უნდა ცუდი ჰქონდეთ, წარსულის იდეალიზაცია მათთვის მუდამ ერთგვარი ხსნა და საშველია. ასევეა პოლიტიკური პარტიის შემთხვევაშიც. თუკი პარტია სულ ახალი შექმილი არაა, პარტიის წარსული (სულ რომ არაფერი იყოს სატრაბახო) მის მხარდამჭერებს ლამის რელიგიური რწმენის დონზე ყავთ აყვანილი და წარსული მათთვისაც ხელშეუხებელია!
  4. როგორც პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებს, ასევე ფეხბურთის ქომაგებს განსაკუთრებულად სძულთ და ეზიზღებათ მათი გუნდიდან/პარტიიდან სხვაგან გადაბარგებული ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, ცხოვრება თავისი დინებით მიედინება და გადასვლა-გადმოსვლები ერთობ ბუნებრივი ამბავია, ეს ზიზღი ერთგვარ ტრადიციად იქცა და მოღალატის იარლიყის გარდა, ღორის თავების სროლასაც არავინ იზარებს.
  5. როგორც პარტიების, ასევე საფეხბურთო გუნდების მხარდამჭერები მუდამ ხაზგასმით აპელირებენ საკუთარ უანგარობაზე და იმაზე, რომ მათ ამ საქმიდან არაფერი ხეირი არა აქვთ, არც ქონიათ და რაც ქომაგობისგან/პარტიის მხარდამჭერობისგან მიიღეს - დარდი, დროის ხარჯვა და ხშირად დაუფასებლობაა. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ კლუბისგანაც და პარტიისგანაც ისინი ბევრად მეტ დაფასებას და ყურადღებას იმსახურებენ და მათი მივიწყება ყველაზე დიდი უსამართლობაა.
  6. და ბოლოს, ფეხბურთის ქომაგებიცა და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებიც მომავალს ჭეშმარიტად ფანატიკურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ სულ მალე სწორედ მათი გუნდები/პარტიები გახდებიან უპირველესნი. ამ თემაზე მათთან შეკამათებაც კი დაუშვებელია, რადგან „დიად მომავალში“ ეჭვის შეტანა მათთვის ყველაზე დიდი „ცოდვაა“ და კრიტიკული აზრის გამოთქმის შემთხვევაში ადგილს უმალ საძულველი მოწინააღმდგეების ბანაკში მიგიჩენენ. ეს სულ ასე იყო და ეჭვი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება...
0.130279