ლუის ჰამილტონმა კიდევ ერთი, ამ სეზონში მე-11, კარიერაში კი 72-ე პოულ პოზიცია მოიპოვა და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. თუ ბრიტანელი მრბოლი ოსტინის ტრეკზე თავის მთავარ მეტოქეს სებასტიან ფეტელს 16 ქულით აჯობებს, სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლება.
ჰამილტონი ფეტელს ამჟამად 59 ქულას უგებს. ოსტინზე მას წინა ხუთი რბოლიდან ოთხი აქვს მოგებული და კვალიფიკაციაში რეკორდული დროით მოგებითაც დაამტკიცა, რომ რბოლაში მთავარი ფავორიტი იქნება. ფეტელი პოულის დროს 0.239 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, ის ჰამილტონის გარდა ერთადერთი პილოტია, ვისაც ტექსასურ ტრასაზე რბოლა მოგებული აქვს.
„ჩემპიონის ტიტულის განაღდებაზე არ ვფიქრობ. ახლა ეს მთავარი არაა. მთავარია, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. სებასტიანმა შესანიშნავად ირბოლა და ჩემს უკან იდგება. თუ რამე სულელურ შეცდომას არ დაუშვებს, რაც მოსალოდნელი არაა, აქ ტიტულისთვის ბრძოლა შემდეგ რბოლებშიც გაგრძელდება“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა.
ფეტელმა კვალიფიკაციის მესამე ნაწილში პირველ ცდაზე ვერ ივარგა და მეორე ცდა მისთვის ბოლო შანსი იყო, რომელიც შესანიშნავად გამოიყენა. მან ის ბოლო წამებზე დააფიქსირა. მესამე და მეოთხე დროები ვალტერი ბოტასმა და დანიელ რიკარდომ აჩვენეს. მესამე მოდევნო ადგილები კი კიმი რაიკონენმა და მაქს ფერსტაპენმა დაიკავეს, თუმცა ჰოლანდიელს სტარტის 15 ადგილით უკნიდან აღება მოუწევს, რადგან „რედ ბულმა“ მის მანქანაზე ახალი, უფრო მძლავრი შიდაწვის ძრავი და ენერგიის აღდგენის თბური სისტემა დააყენა. სასტარტო რიგში მის მე-6 პოზიციას ესტებან ოკონი დაიკავებს.
წარმატებული გამოდგა „რენოში“ კარლოს საინსის დებიუტი - ესპანელმა პირველივე რბოლაში მე-7 პოზიციაზე დადგომის უფლება მოიპოვა. სტარტზე მას გვერდს თანამემამულე ფერნანდო ალონსო დაუმშვენებს. ფ1-ის ახალზელანდიელმა დებიუტანტმა ბრენდონ ჰარტლიმ მე-18 დრო დააფიქსირა, თუმცა სტარტზე ბოლო დადგება, რადგან „ტორო როსომ“ მის მანქანაზე ძალური დანადგარი შეცვალა. არადა, გუნდმა ეს გადაწყვეტილება მანამ მიიღო, სანამ ჰარტლის კონტრაქტს გაუფორმებდა.
აშშ-ის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:33.108
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:33.347
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:33.568
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:33.577
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.577
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:33.658
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:34.647
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:34.852
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:35.007
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:35.148
- - - - - - - - - -
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:35.155
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:35.529
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:35.641
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:35.870 - ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:36.842
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:36.868
- ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:36.889
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:37.179
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:37.394







