საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2017 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი სამი მედლით ჩაამთავრა. ჯაბა პაპინაშვილის (55 კგ) ოქროს და ბაგრატ ნინიაშვილისა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილის (73 კგ) ბრინჯაოებს დღეს მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა ვერაფერი მიამატეს. რამდენიმე საათის წინ, ზაგრებულ ტატამზე ონისე სანებლიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გავიდნენ, მაგრამ 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას დილის პროგრამაშივე გამოეთიშნენ.
ონისე სანებლიძე პირველ წრეში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს – ევროპის 2-გზის პრიზიორს, რუსეთის ნაკრების წევრ არმან ადამიანს დაუპირისპირდა და უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, პირველ დამატებულ წუთზე იპონით დამარცხდა.
გელა ზაალიშვილმა ჩემპიონატი გერმანიის დროშის ქვეშ მოჭიდავე ერიკ აბრამოვთან დაპირისპირებით გახსნა და მეტოქეს წუთსა და 54 წამში მოუმთავრა საქმე. მეორე წრეში კი სლოვენიელ ენეი მარინიჩთან ვეღარას გახდა.
ქართული სამეულიდან ყველაზე შედეგიანად 17 წლის სოფიო სომხიშვილმა იჭიდავა. კადეტთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ახალგაზრდულ მსოფლიოს კონკურენციაში ბოსნიაჰერცეგოვინელ ბარბარა ჩიკიჩთან შეხვედრით ჩაება და მოწინააღმდეგე წუთნახევარში ჩამოიშორა. ჩილელ ჟოზეფინა ფუენტეალბას სულაც 36 წამში შეუსრულა იპონი. მეოთხედფინალში კი, ყაზახ კამილა ბერლიკაშთან, უილეთო ბრძოლაში, "ოქროს დროში” მიღებული შიდოთი დამარცხდა და "ბრინჯაოს ფრონტზე” გადაერთო.
რეპეშაჟის ნახევარფინალში სომხიშვილმა ბრაზილიელ ბეატრიზ სოუზასთან წააგო და მე-7 ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ, გუნდური გუნდური შეჯიბრებით დასრულდება, რომელშიც ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.