ფეხბურთი

18:01 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთი მოლოდინი და სხვა რეალობა

ერთი მოლოდინი და სხვა რეალობა – იტალიურმა “მილანმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯიბეზე ხელი გვარიანად გაიკრა და შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა. ლეონარდო ბუნუჩიდან ანდრე სილვამდე “როსონერიმ” მართლაც მშვენიერი კამპანია აწარმოა. მაშინ, შავ-წითელთა მრავალრიცხოვან ქომაგთა არმია იმედოვნებდა, რომ ბოლოს და ბოლოს, მათი საყვარელი გუნდი იქ დაბრუნდებოდა, სადაც რეალურად მისი ადგილია.

თუმცა, აგერ სეზონის დაწყებიდან ორი თვე გავიდა და ჯერჯერობით, “მილანის” საქმე საკეთილდღეოდ ნამდვილად არ შეცვლილა. მეტიც, შედეგები საგანგაშოა და იმაზე უფრო ცუდი, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ, ამ დროს ჰქონდა. იტალიის სერია A-ში “როსონერის” სამმატჩიანი წაგებების სერია დაუგროვდა და ამასობაში ლიდერ “ნაპოლისთან” ჩამორჩენა ძალზე სოლიდურია – 12 ქულა.

თუმცა, ლომბარდიელთა მთავარი სამიზნე ჯერ მაინც ჩემპიონთა ლიგის საგზური, ანუ, ოთხეულია. და მაინც, არც ეს ჩანს, ჯერჯერობით ჰორიზონტზე. შედეგებს თავი რომ დავანებოთ, “მილანის” თამაშის ხარისხი საგანგაშოა – ვინჩენცო მონტელა ამ დროისთვის ვერაფრით ჩამოყალიბდა იმ თერთმეტეულზე, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში მიაზრებს. ეგ კი არა, ტაქტიკის შეცვლაც ჩვეულ ამბად ექცა. ბუნებრივია, წარუმატებლობის დროს ხელს ყოველთვის მთავარი მწვრთნელისკენ იშვერენ და ბუნებრივია, გამონაკლის შემთხვევასთან ახლაც არ გვაქვს საქმე – მონტელას დღეები “მილანში” თითქოს დათვლილი უნდა იყოს, მაგრამ ხელმძღვანელობა “აეროპლანინოს” ჯერ კიდევ ენდობა.

ევროპა ლიგაზე აეკ-თან საშინაო და თანაც უღიმღამო ფრე კი საბოლოო წერტილი გამოდგა: ტიფოზები მონტელასაც განუდგნენ და ფეხბურთელებსაც. “სან სიროზე” ისმოდა სტვენა თამაშის დასრულების შემდეგ და მათ შორის უსტვენდნდნენ კაპიტან ლეონარდო ბონუჩის. იმ ბონუჩის, რომელიც “მილანმა” “იუვენტუსიდან” დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა და მაშინვე კაპიტნის სამკლავური უბოძა. თუმცა, ლეო თავის თავს არ გავს და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი სუსტი წერტილიცაა. კრიტიკა გამოცდილ მცველს არ აკლია და ფეხბურთელი ვერაფრით ახერხებს ახალ გარემოსთან შეწყობას.

ვერ ბრწყინავს ფრანკ კესიც, რომელსაც საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუგროვდა სეზონის სტარტზე. არც ნიკოლა კალინიჩი გამოდგა ბომბდამშენი და არც ანდრე სილვა. ჰაკან ჩალჰანოღლუმ თავი ჯერ მხოლოდ წითელი ბარათით გამოიჩინა. ახალწვეულების ფონზე, ისევ ძველი გვარდია ვარგობს. მაგალითად, ესპანელი სუსო, რომელიც შარშანდელივით გუნდის ლიდერად გვევლინება. მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ერთი სუსო გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

ამასობაში, უკვე ხმა ხელმძღვანელობამაც აიმაღლა და აეკ-თან მატჩის მერე მონტელა გააკრიტიკა. მაგალითად, მასიმილიანო მირაბელიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მწვრთნელის ბედი პირდაპირ დამოკიდებულია შედეგებზე. თავის მხრივ, ვინჩენცოც არ დარჩენილა ვალში და დასძინა, რომ მირაბელის არ ეთანხმება და “მილანს” ჯერ კიდევ შეუძლია მისი თავკაცობით წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, როდის? – დრო გადის და ტური ტურს მისდევს. “მილანის” ქომაგები კარლო ანჩელოტის ითხოვენ, რომელიც თავისუფალია და რომელსაც, “მილანთან” შთამბეჭდავი მოგონებები აკავშირებს. მაგრამ, მირაბელი-ფასონეს დუეტი მაინც არ ჩქარობს. და მაინც, ბოლო განცხადება შესაძლოა მინიშნებაც კი იყოს. იტალიური მედია კი, კიდევ ერთ ცნობას გვაწვდის – მონტელას ბედი ახლა უკვე ბეწვის ხიდზეა და პირდაპირ იქნება დამოკიდებული სერია A-ს მომდევნო ორ მატჩზე, რომელსაც “როსონერი” “ჯენოასთან” და “კიევოსთან” ჩაატარებს – ეს იქნება გადამწყვეტი...

აღნიშნულ შეხვედრებს ლომბარდიული გრანდი ერთი კვირის ინტერვალით ჩაატარებს და შესაბამისად, მალე ყველაფერი გაირკვევა. იქამდე, კი ისევ დარჩება შემდეგი მოცემულობა: ერთი მოლოდინი და სხვა რეალობა...

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113971