ძიუდო

20:13 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს საღამო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 3 მედალია. ჯაბა პაპინაშვილის (55 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროს დღეს ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) ბრინჯაოები მიამატეს. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე ვაჟთა შორის 8 წონითი კატეგორიიდან უკვე 4-ში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში მყოფი 10 ვაჟიდან კი საქმეში ჯერ მხოლოდ 4 ჩაერთო და მათგან 3 პოდიუმზე ავიდა. მეოთხემ – ვანო ნინიაშვილმა კი ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულა.

ბაგრატ ნინიაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს. იქამდე კი ორივემ ოთხ-ოთხი ეტაპი დაძლია.

ნინიაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და კოლუმბიელ ხორხე გონზალესს ვაზარით სძლია. ვაზარითვე ჩამოიშორა ყაზახი სუნგატ ჟუბატკანი და ესპანელი სალვადორ კასეს როკა. ძირითად ბადეში გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელ დანიელ კარნინთან მარცხით დაასრულა – ჭაბუკთა შორის ევროპის და მსოფლიოს პრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტი უილეთო ბრძოლაში, "ოქროს დროში” მიღებული გაფრთხილებით წააგო.

"ბრინჯაოს ფინალში” ბაგრატ ნინიაშვილი იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, მე-6 დამატებულ წუთზე სძლია გაფრთხილებით. ძირითადი დრო ქართველმა ძიუდოისტმა ორი შიდოს უპირატესობით დაასრულა, დამატებითში კი ზედიზედ ორჯერ თავად გააფრთხილეს და მხოლოდ ამის შემდეგღა შეძლო ბოლო ძალების მოკრება, ოდნავ გააქტიურება და ბრინჯაოს ფასი შიდოთი გახარება.

ხორვატიაში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში ჩასულ 17 წლის ტატო გრიგალაშვილს ერთი თვის წინანდელი ევროპირველობის მსგავსად, მსოფლიოს ოქროსკენ მიმავალი გზა ისევ ჰიდაიატ ჰეიდაროვმა ჩაუკეტა – 20 წლის აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა, რომელმაც უკვე უფროსებს შორისაც კი მოასწრო ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და 73 კილოგრამში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტის სახელის მოხვეჭა.

გრიგალაშვილისა და ჰეიდაროვის ზაგრებული ნახევარფინალის ძირითადი დრო უილეთოდ და შიდოების გარეშე გაილია. დამატებით დროში კი მეტოქეზე აქტიური ქართველი ძიუდოისტი კონტრ-ილეთზე მოჰყვა, ვაზარიზე დავარდა და "ბრინჯაოს ფინალში” გადაინაცვლა.

ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დაჭიდებამდე, ტატო გრიგალაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ჩემპიონატი შვეიცარიელ ნაიმ მეტთან შეხვედრით გახსნა და 2 წუთსა და 12 წამში იმარჯვა. პორტუგალიელი ჟოაო ალმეიდა ვაზარით დაამარცხა. ბრაზილიელ ჯეფერსონ სანტოს ჯუნიორს ორი ვაზარი აუღო. მოლდოველ იონ ნაკუს კი წუთსა და 5 წამში მოუმთავრა საქმე.

რეპეშაჟის ფინალში გრიგალაშვილი კიდევ ერთ ბრაზილიელს - დავიდ ლიმას დაეჭიდა. პირველსავე წუთზე ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ მალევე აღადგინა წონასწორობა. Kიდევ ერთი ვაზარი კი მეტოქეს პირველ დამატებულ წუთზე შეუსრულა და 2017 წლის სეზონი ბრინჯაოს დუბლით დაასრულა.

დღესვე, მსოფლიოს კონკურენციაში საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანიც (57 კგ) ჩაერთო. კარგადაც დაიწყო – ამერიკელ კატერინ ლიების "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით სძლია. მერვედფინალში კი ისევ დამატებულ დროში უკვე თავად დავარდა ვაზარიზე, სამხრეთკორეელ ჟისუ კიმთან შეხვედრაში.

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთა და გოგონათა შორის მორიგ ორ-ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი (ორივე 81 კგ), გიორგი ჩიქოვანი, იმედა გოგოლაძე (ორივე 90 კგ) და მარიამ ჭანტურია (63 კგ). ზეგ კიმონოს ონისე სანებლიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მოირგებენ. მაზეგ კი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდები მიიღებენ.

0.116497