ფეხბურთი

17:22 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია: “კაპელოს უარი ვუთხარი, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ვალდებულებაა”
“რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი გიორგი ჯიქიაა”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია ჩინებულ სეზონს ატარებს. 25 წლის ქართველი რუსულ გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უჩივის. მეტიც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და თავისი უშუალო მოვალეობის გარდა, შეტევაშიც შედეგიანად თამაშობს – უკვე მოასწრო 2 გოლის გატანა.

ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა Sport-express-მა კვირკველიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. სოლომონი იმ დროს იხსენებს, როდესაც ფაბიო კაპელო რუსეთის ნაკრებში თამაშს სთავაზობდა, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში თავიდანვე გადაწყვეტილი და გათვითცნობიერებული ჰქონდა.

გარდა ამისა, სოლომონმა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი დაასახელა და ამასთან, ის ფეხბურთელები, რომელთაც წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უძნელდება.

საუბარი კი, პრემიერლიგის ბოლო ტურში წაგებული მატჩის და მოლდოვური “შერიფის” შესახებ დაიწყო, რომელიც “ლოკომოტივის” მეტოქეა ევროპა ლიგაზე.

- ბოლო ტურში “უფასთან” მარცხი დაივიწყეთ?

- ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ყოველთვის ვერ მოიგებ. დამეთანხმებით, ყოველთვის გამარჯვება საინტერესო არც იქნება. თამაშის შემდეგ ვფიქრობდი, თუ რა მოხდა, მაგრამ ეს წარსულია. გავიდა რამდენიმე დღე და მე, როგორც პროფესიონალი, მომავალზე ვფიქრობ. ახლა, ევროპა ლიგაზე “შერიფთან” თამაშია მნიშვნელოვანი.

- იცნობთ მოლდოვურ გუნდს?

- მეტოქეს შესახებ ახლა ბევრს ვერაფერს გეტყვით.

- “უფასთან” თამაშისას იგბუნთან იკამათეთ. სიმულაციის გამო გაბრაზდით?

- არაფერია. ემოციებს ავყევით. მას პენალტის მოპოვება უნდოდა, მე კი ვუთხარი, რომ არ გამოეგონა დარღვევა, რადგან თამაშის წესი არ დამირღვევია. ინციდენტი ამოწურულია.

- ამ სეზონში “ლოკომოტივმა” “სპარტაკსა” და ცსკა-ს მოუგო, მაგრამ წააგო “ტოსნოსა” და “უფასთან”. რატომ?

- ეჰ... ეს რომ ვიცოდე...

- მეტოქის დაუფასებლობა?

- არა, ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ისე არ განვითარდა მოვლენები, როგორც გვინდოდა. უკვე ბევრი ქულა დავკარგეთ... დაცვაში დავუშვით შეცდომები და ჩვენი შანსიც ვერ გამოვიყენეთ.

- აგვისტოში თქვით, რომ თქვენი მიზანი ჩემპიონობაა. ისევ შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, რატომაც არა? – ჩვენ მეორე ადგილზე ვართ და შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

- “ზენიტიც” დამარცხდა პრემიერლიგაში. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ კონკურენცია პეტერბურგელებთან არარეალურია, რადგან ისინი ფორმაში არიან...

- ვნახავთ სეზონის ბოლოს ვინ არის ფორმაში და ვის, რა სურს.

- ანუ, გამოდის, თქვენ არ გეშინიათ “ზენიტის”?

- ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია ყველასთან თანაბრად თამაში და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. რატომ უნდა გვეშინოდეს “ზენიტის” ან რომელიმე სხვა გუნდის? ჩვენ, ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ.

- რომელ სქემაში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს – სამი თუ ორი ცენტრალური მცველი?

- ჩემთვის არანაირი განსხვავება არაა. სადაც, მწვრთნელი მეტყვის, იქ ვითამაშებ. სრულიად ვენდობი იური სიომინის არჩევანს.

- რუსეთში ამ პოზიციის ფეხბურთელების მწვავე პრობლემაა. ფაბიო კაპელოს მართლაც სურდა, რომ რუსეთის ნაკრებში გეთამაშათ?

- დიახ, არ დავმალავ, ასე იყო.

- რატომ ვერ შეთანხმდით?

- თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა. მე ხომ იქ დავიბადე და ამიტომ, ვალდებულიც ვარ საქართველოს ღირსება დავიცვა. ამ გადაწყვეტილებაში ეჭვი არასდროს შემიტანია.

- ვინ არის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი?

- ჩემი მეგობარი გიორგი ჯიქია.

- სუბიექტური არჩევანია...

- ასევე გამოვყოფ ვედრან ჩორლუკას, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, როდესაც დაბრუნდება “ლოკომოტივს” დაეხმარება.

- მართალია, რომ ზაფხულში თქვენით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ?

- არ ვიცი, იყო ჭორები. თუმცა, კონკრეტულად ჩემთვის არავის მოუმართავს.

- ვის წინააღმდეგ გიჭირთ პრემიერლიგაში ყველაზე მეტად თამაში?

- არტიომ ძიუბას. ძალიან რთულია მის წინააღმდეგ თამაში, ყოველთვის რთულია. ასევე, საჩუქარი არაა “სპარტაკის” თავდასხმა – ზე ლუიში, ქვინსი პრომესი და ლუის ადრიანო. ამ ფეხბურთელებს გამოვყოფ.

- იცით თუ არა, რომ ძიუბა შესაძლებელი იყო ზაფხულში თქვენი თანაგუნდელი გამხდარიყო “ლოკომოტივში”?

- მსმენია ამის შესახებ. მაგრამ, არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. ედერი? – ის ჯერ კიდევ არაა ასი პროცენტით მზად, თუმცა რამდენიმე თამაშში კარგ კონდიციებში იყო.

0.0652