ფეხბურთი

21:23 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მენთეშაშვილზე, “ლოკომოტივის” დუბლებზე, რეგიონულ ლიგასა და ფინანსურ სტიმულზე

ზაფხულის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თბილისის “ლოკომოტივის” მთავარ გუნდში აღარ გამოჩენილა. ტრავმა ჰქონდა, მოიშუშა და “ლოკომოტივის” დუბლებში თამაშობს.

37 წლისაა, არაერთი კლუბი გამოიცვალა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორმოცამდე მატჩი ჩაატარა და ზურგს გამოცდილება უმაგრებს.

ნაკრებში “მენთეშას” კარგი თამაშები გვახსოვს. კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას სულაც შეუცვლელი ფიგურა იყო, მერე ექტორ რაულ კუპერიც ენდობოდა. მერე იყო არაერთი ტრავმა, გუნდების გამოცვლა...

“ლოკოს” დუბლები რეგიონულ ლიგაში გამოდიან, გ ზონაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ “თბილისი სიტისთან” ერთად, ლიდერ “ვარკეთილს” კი სამი ქულით ჩამორჩებიან. ბოლოსწინა ტურში “სიტის” ხვდებიან, ბოლოს კი ვარკეთილელებს. შანსი “ვიტ ჯორჯიას” დუბლებსაც აქვთ, რომლებიც მეოთხეზე არიან.

“ლოკომოტივის” დუბლებს ახალგაზრდა ვლადიმერ ვაშაძე წვრთნის, რომლის თავკაცობითაც “ლოკოს” 17-წლამდელებმა შარშან საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს და წლეულსაც დამაჯერებლად ლიდერობდნენ. წლების განმავლობაში, “დინამოსა” და “საბურთალოს” ვერავინ ეცილებოდა ჩემპიონობაში და ეს “ლოკოს” 17-წლამდელებმა მოახერხეს.

დიდი შანსი იყო, წლეულსაც “ლოკოს” მოეგო ამ ასაკში ჩემპიონობა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ზაფხულიდან აქცენტი დუბლშემადგენლობის ლიგა3-ში გადასვლაზე გაკეთდა და 17-წლამდელების წამყვანი ფეხბურთელები სწორედ ვაშაძის გაწვრთნილ დუბლებსა და ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა გუნდში გადანაწილდნენ.

დუბლებზე აქცენტირება კი იმიტომ ხდება, რომ ფინანსური მოგებაა. ლიგა3-ში დაფინანსება წლიური 250 000 ლარია, როცა რეგიონულ ლიგაში 50 000-ია. იგივე მიზნები აქვს “საბურთალოს” დუბლშემადგენლობას, რომელიც სხვა ზონაშია – ბ ჯგუფში ლიდერობს.

მენთეშაშვილიც ამ ფინანსური მოგებისკენ სწრაფვის პროგრამაშია. დუბლებში თამაშობს და მართალია, ნაკრების დროინდელი ფორმისგან ძალიან შორსაა, მაგრამ კარგი დასაყრდენია 17-19 წლის ჭაბუკებისთვის.

ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა მდგომარეობაა რეგიონული ლიგის სხვა ზონებში. გ ზონაზე დავწერეთ. ა-ში დასავლეთის გუნდები არიან, იქ 15 გუნდია და ორი საუკეთესო პირდაპირ გადავა ზედა ლიგაში, ხოლო მესამეადგილოსანს შანსი რჩება პლეი-ოფიდან გასვლისა. პირველ-მეორეზე არიან ჩოხატაურის “ბახმარო” და “ლესიჭინე”, მესამეზეა ხელვაჩაურის “მაჭახელა”. შანსი აქვთ წყალტუბოს “სამგურალი 2”-ს, ქუთაისის “ტორპედო 2”-ს, “ხიხანს”.

ბ ზონაში “საბურთალო” და დუშეთის ‘არაგვი” იბრძოლებენ. თანაბარი ქულები აქვთ, მაგრამ საბურთალოელებს - ერთი თამაშით ნაკლები. 26 ოქტომბერს მათი დაპირისპირება შედგება და სავარაუდოდ, ის თამაში გაარკვევს პირველ და მეორეადგილოსნის ბედს. პირველ წრეში კარგი შედეგი ჰქონდა სოხუმის “ცხუმსაც”, მაგრამ წამყვანი ფეხბურთელები გამოაკლდა და ცხრილშიც გაუცუდდა საქმე.

ბ და გ ზონებიდან მხოლოდ საუკეთესოები გადავლენ პირდაპირ ლიგა3-ში, ხოლო მეორეადგილოსნებს ფლეი-ოფი მოუწევთ.

ამიტომ იკლავენ თავს კლუბები. ფული, ფული... ფინანსური მოტივაცია. სად 50 000 და სად ხუთჯერ მეტი.

0.126254