ძიუდოში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი თბილისის "შევარდენი 2005"-ის გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრების დასკვნით, ფინალურ ეტაპს ყვარელმა უმასპინძლა. გალავნის ტერიტორიაზე ძიუდოს ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებაში ერთმანეთს წინასწარი ეტაპის ოთხი უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდა: "შევარდენი 2005", "პატარა კახი", "ლიდერი" და "ლომჭაბუკი".
საქართველოს 2017 წლის საკლუბო ჩემპიონატი 6 თვის წინ, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო. შვიდი ტურის შემდეგ კი მეხუთე-მერვე ადგილებზე მყოფები გათამაშებას გამოეთიშნენ.
ყვარელში, საჩემპიონო ბრძოლამდე "შევარდენი 2005"-მა ნახევარფინალში შარშანდელი ჩემპიონი "ლომჭაბუკი" დაამარცხა. ოქროს მედალს კი "ლიდერის" ძლევით დაეუფლა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "ლომჭაბუკმა" "პატარა კახს" აჯობა.
საქართველოს უძლიერესი კლუბის რიგებში იჭიდავეს: თემურ ნოზაძემ (60 კგ), ვანო თოთლაძემ (66 კგ), ფრიდონ გიგანმა (73 კგ), ამბაკო ავალიანმა (81 კგ), ნოდარ ბერიანმა (90 კგ), ალექსანდრე ზაალიშვილმა (100 კგ) და რეზო წულუკიძემ (+100 კგ). მთავარი მწვრთნელი კი გურამ მოდებაძეა.
საქართველოს საკლუბო პირველობის საპრიზო ფონდი 160 ათასი ლარი იყო. ეს თანხა ფინალური ეტაპის მონაწილე ოთხივე გუნდზე გადანაწილდა.