კალათბურთი

10:24 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძე: "ევრობასკეტს ვერასდროს დავივიწყებ"

საქართველოს ნაკრების მსროლელი დუდა სანაძე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იტალიის სერია A-ს ბინადარ “ფლექს პისტოიას” შეუერთდა. ქართველი კალათბურთელის ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიგაში მოხვედრა უდაოდ გამოსარჩევია.

WORLDSPORT.GE დუდას იტალიაში დაუკავშირდა - ახალი კლუბის, საქართველოს ნაკრებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შესახებ გაესაუბრა.

სანაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე გადასვლას ეცდება და ამჟამად, მთავარი მიზანიც სწორედ ესაა.

- რა ხდება “პისტოიაში” – როგორ შეეწყვე გუნდს და რა არის მიზანი ამ სეზონში?

- გუნდში ძალიან კარგი გარემოა – კვალიფიცირებული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ჯერ შეთამაშების პერიოდში ვარ, რადგან სულ რაღაც სამი თამაში ჩავატარე. მიზანს რაც შეეხება, პლეი-ოფში გასვლაა. ჯერჯერობით კარგი სტარტი გვაქვს.

- რატომ გაიწელა ტრანსფერის გაოფიციალურება?

- უფრო მეტი შემოწმება დამჭირდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. გადაღლილობის გამო ცოტა დასვენების საშუალებაც მომცეს და შემდეგ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- რას ფიქრობ იტალიის სერია A-ზე, რამდენად დაგეხმარება განვითარებაში?

- ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა ევროპაში. ძალიან ბევრი გამოცდილი კალათბურთელი და NBA-ს ყოფილი წევრი თამაშობს. ამიტომაც, ვფიქრობ, დიდ გამოცდილებას მივიღებ.

- ევრობასკეტზე წარუმატებლობის მიზეზი რა იყო?

- ძნელია მიზეზებზე საუბარი. დღემდე ვერ მომინელებია მარცხი და ალბათ, ვერასდროს დავივიწყებ. უბრალოდ, ვიცი, რომ ბიჭები 100%-ით იხარჯებოდნენ ყველა თამაშზე. ზოგიერთი მატჩი ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარსაა მომდგარი...

- ადვილი თამაშები არ იქნება, მაგრამ იმედი და ამბიცია მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე ვითამაშებთ.

- ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში დარჩა...

- ნამდვილად კარგი სპეციალისტია და გამიხარდა, რომ ისევ საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

- ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე ნაკრებს დაემშვიდობნენ. სავარაუდოდ, შესარჩევ ეტაპზე ვერც თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ითამაშებენ. როგორ შეიძლება, რომ ეს დანაკლისი აღმოიფხვრას?

- ჯერ არ ვიცით, დანაკლისის შესახებ, მაგრამ თუ ასე მოხდა, მაშინ, ვერანაირად ვერ მოვახერხებთ ოთხი ასეთი კალათბურთელის სრულფასოვნად შეცვლას. ალბათ, ტაქტიკა შეიცვლება და ყველამ კოლექტიურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს დიდი დანაკლისი ძალიან არ დაგვეტყოს.

0.115648