კალათბურთი

20:00 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა "ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობა დრაგან ნეშკოვიჩმა დაიწყო

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა ცნობილი არბიტრი, წლების განმავლობაში ევროპის წამყვანი სანაკრები და საკლუბო ტურნირების ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი, სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი.

დიდი ხანი არ არის, რაც ნეშკოვიჩმა სამსაჯო კარიერა დაასრულა და გახდა ინსტრუქტორი. ის მუშაობს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მსაჯებთან, რომელთა საქმიანობის შემფასებელიცაა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაშიც დიდად ეხმარება.

დრაგან ნეშკოვიჩთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც სერბი სპეციალისტი ფედერაციაში „ეროვნულ ინსტრუქტორად“ იმუშავებს. ნეშკოვიჩი დაესწრო დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს, სუპერთასს და სუპერლიგის პირველ ტურს. მან უკვე ჩაატარა პირველი სამუშაო შეხვედრა ქართველ მსაჯებთან და ამას ექნება სისტემატიური ხასიათი.

უახლოეს მომავალში შეიქმნება პოტენციური მსაჯების ჯგუფი, რომელთანაც იმუშავებს დრაგან ნეშკოვიჩი და მათ სამსაჯო კარიერის წარმატებულად დაწყებაში დაეხმარება.

superleague.ge

0.240437