გაიმართა ლიგა 3-ის ზედა ჯგუფის ოთხი მატჩი. სამეული კიდევ უფრო გამოიკვეთა. პირველადგილოსანმა “შევარდენმა” დუშეთში 6:0 მოუგო ხობის “კოლხეთს” და ისევ ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ოთხი ტური დარჩა და რთული წარმოსადგენია, რომ გიორგი კიკნაძის გუნდმა პირველობა დათმოს.
მოიგეს მეორე და მესამე საფეხურზე მყოფმა გუნდებმაც. გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა “თელავმა” საჩხერეში 3:1 აჯობა “ჭიათურას”, ხოლო “ნორჩ დინამოს” ქედის “ბეთლემთან” არ შექმნია განსაკუთრებული პრობლემები – 4:1.
“მარკს სტარსმა” 4:0 სძლია ჩხოროწყუს “სამეგრელოს”, თუმცა სატურნირო თვალსაზრისით, მაინცდამაინც პრინციპული თამაში არ ყოფილა. ვერც “მარკ სტარსი” გადადის და ვერც “სამეგრელო”.
შეგახსენებთ, პირველადგილოსანი პირდაპირ გადავა ლიგა 2-ში, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები ლიგა 2-ის მერვე-მეცხრე პოზიციებზე გასულ გუნდებს შეხვდებიან პლეი-ოფში.
ჭიათურა – თელავი 1:3
შევარდენი (თბილისი) – კოლხეთი (ხობი) 6:0
მარკ სტარსი (თბილისი) – სამეგრელო (ჩხოროწყუ) 4:0
ნორჩი დინამო (თბილისი) – ბეთლემი (ქედა) 4:1
იმერეთი (ხონი) – გარდაბანი 20 ოქტომბერს გაიმართება