36 წლის როჯერ ფედერერმა შანხაის მასტერსის ფინალში რაფაელ ნადალი 6:4, 6:3 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის მეორედ მოიგო. მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ზედიზედ 17 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი კვლავ როჯერ ფედერერის ბარიერი ვერ დაძლია, ისევე როგორც წელს კიდევ სამ შეხვედრაში ვერ შეძლო შვეიცარიელის დამარცხება. ფედერერმა 2014 წლის შემდეგ ზედიზედ ოთხი მატჩი მოუგო მალიორკელს, 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა, შემდეგ კი ინდიანა უელსის და მაიამის მასტერსების გადამწყვეტ შეხვედრებში.
განვლილ შეხვედრაში ფედერერმა ჩინებულად ითამაშა, შეცდომები ნაკლები ჰქონდა და რაც მთავარია ერთხელაც არც მისცა მეტოქეს ბრეიკის შანსი, თავად კი სამჯერ დააბრეიკა ნადალი და იოლად იმარჯვა. ფედერერმა 10 ეისი მოაწოდა, რაფამ კი - 4.
ნადალს შანსი ჰქონდა რეკორდი დაემყარებინა, მოეგო რა 31-ე მასტერსის ტიტული და ამ მაჩვენებლით პირველი გახდებოდა. ფედერერმა 1000-ქულიანი ტურნირი კარიერაში 27-ედ მოიგო. ურთიერთშეხვედრებში კი როჯერმა სხვაობა -8-მდე დაიყვანა (15:23). შანხაიში გამარჯვებით შვეიცარიელმა 1000 ქულა და 1,192,780 დოლარი გამოიმუშავა. ნადალი კი 600 ქულა და 584,845 დოლარს დასჯერდა.