ფეხბურთი

3:40 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: სიმეონეს ნავსის გატეხვამდე ცოტა დააკლდა

ლა ლიგის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩში “ატლეტიკომ” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “ბარსელონას” უმასპინძლა და კატალონიაში ქულა გაატანა. შეხვედრა დაძაბული და კარგი სანახავი გამოდგა. ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმი: პირველში “ატლეტიკო” ფლობდა უპირატესობას, ხოლო მეორეში “ბარსელონა” დომინირებდა.

ლიონელ მესის პირველივე წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ მცველებმა დროულად შეუშალეს ხელი და არგენტინელმა სათანადოდ დარტყმა ვეღარ შეძლო. ამ მომენტის გარდა, სტუმრებს საწყის 45 წუთში ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ. სამაგიეროდ, მადრიდელები აქტიურობდნენ. ანტუან გრიზმანს ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ორჯერვე ტერ შტეგენმა აჯობა. არადა, მეორე მომენტში ფრანგმა შემტევმა ხერარდ პიკე პატარა ბავშვივით გააბითურა და ძალიან ლამაზი გოლი გამოსდიოდა, მაგრამ გერმანელმა კიპერმა ამის გაკეთება არ დაანება. “როხიბლანკომ” გოლი მაინც გაიტანა და თან ძალიან მაგარი! საულ ნიგუესმა 21-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ისეთი ბურთი შეაგდო, როგორებსაც მისგან ვართ მიჩვეულნი.

“ბარსელონა” მეორე ნახევრის პირველივე წუთებიდანვე გააქტიურდა. დიეგო სიმეონემ კი გუნდი დაცვაში გაამაგრა და კონტრშეტევებზე ფონს გასვლა გადაწყვიტა, რამაც აშკარად არ გაამართლა. “ბლაუგრანამ” დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, ხოლო მასპინძლებს ხეირიანი შეტევა ფაქტობრივად აღარ ჰქონიათ. ლიონელ მესი ორ ეპიზოდში ძალიან ახლოს იყო გათანაბრებასთან, მაგრამ პირველ შემთხვევაში საჯარიმო დარტყმიდან ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო მეორე ეპიზოდში ოდნავ ააცილა. ორი საგოლე მომენტი ჰქონდა ლუის სუარესსაც, მაგრამ ურუგვაელს იან ობლაკმა აჯობა. საბოლოოდ, სტუმართა შტურმს მასპინძლებმა ვეღარ გაუძლეს და 82-ე წუთზე ლუის სუარესის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულ თავურთან, ვეღარც სლოვენიელი კიპერი გახდა რამეს და ანგარიში გათანაბრდა.

“ატლეტიკოს” მოწინააღმდეგეებიდან, ურუგვაელი ფეხბურთელი პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ლა ლიგის ეგიდით “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში კი ორივე გუნდმა სცადა შეტევა და მოგებაზე თამაში, მაგრამ მომენტი მხოლოდ “ბარსელონამ” შექმნა: ანდრე გომეშის პასის შემდეგ, ლუის სუარესი ბურთს კარგად ვერ მიწვდა, თორემ ახლო მანძილიდან გატანა აღარ გაუჭირდებოდა – 1:1.

ამრიგად, დიეგო სიმეონემ “ბარსელონას” ლა ლიგაში ისევ ვერ მოუგო. “ჩოლო” კატალონიურ გრანდს ესპანეთის ჩემპიონატში მეცამეტედ დაუპირისპირდა: ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო რვაჯერ მისი გუნდი დამარცხდა. “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა, თუმცა 22 ქულით მაინც პირველ ადგილზეა. კატალონიელთა მსგავსად, წაუგებელია “ატლეტიკო”, რომელიც 16 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

“რეალი” “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” “ხეტაფეს” ეწვია და კასტილიურ დერბიში მძიმე გამარჯვება მოიპოვა. “ბლანკოსმა” ტაიმი ქარიმ ბენზემას გოლით მოიგო, რომელმაც ტრავმის შემდგომ დაბრუნება გატანილი გოლით აღნიშნა. მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 56-ე წუთზე ხორხე მოლინამ მცველების უყურადღებო თამაშის წყალობით, ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. ზინედინ ზიდანის გუნდმა სეზონის სტარტზე ქულები ისედაც საკმარისად დაკარგა და კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში მათ გეგმებში არანაირად არ შედიოდა. ამიტომაც, სტუმრები გააქტიურდნენ და 73-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუს 100%-იანი საგოლე შანსი შეექმნათ, მაგრამ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ყველას გასაკვირად სამი მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა. თუმცა, რონალდუმ საკუთარი შეცდომა გამოასწორა, 85-ე წუთზე ისკოს მშვენიერი გადაცემა შეირგო და ძლიერი დარტყმით თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა – 1:2.

აღსანიშნავია, რომ რონალდუმ მიმდინარე ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. “რეალმა” კი გასვლაზე ზედიზედ მეცამეტედ მოიგო და 2010/2011 წლების სეზონში “ბარსელონას” მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა, ხოლო ზინედინ ზიდანი მადრიდულ გრანდს მთავარი მწვრთნელის რანგში მეასედ გაუძღვა. ფრანგ სპეციალისტს დიდებული შედეგი აქვს: 75 გამარჯვება, 17 ფრე და 8 მარცხი.

დღის გახსნით მატჩში “ბილბაომ” ვესგას გოლით შინ “სევილიას” მოუგო, ხოლო “სოსიედადმა” ბასკურ დერბიში, სტუმრად “ალავესს” სძლია.

ბილბაო – სევილია 1:0 (1:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე, ლეკუე, ნუნესი, ბალენსიაგა, ვესგა, სან ხოსე, რ.გარსია (უილიამსი 71), კორდობა (იტურასპე 84), სუსაეტა (მერინიო 90), ადურისი.
მწვრთნელი: ხოსე ანხელ ზიგანდა

სევილია (4-3-3): ს.რიკო, ლენგლე, კიაერი, კაროლე, კორშია (ნოლიტო 60), ნ’ზონზი (კრონ-დელი 21), პიზარო, ფ.ვაზკესი, ხ.კორეა (მურიელი 77), ნავასი, ბენ იედერი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: ვესგა (43)
გაფრთხილებები: ადურისი, კორდობა, ნუნესი, ვესგა, ლაპორტე – ლენგლე, ხ.კორეა, ფ.ვაზკესი, პიზარო, მურიელი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ხეტაფე – რეალი 1:2 (0:1)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, კალა, დაკონამი, არტუნეში, დ.სუარესი, არამბარი (ბ.გონსალესი 84), ბერგარა, ფაჟრი, ა.ხიმენესი (პორტილიო 15), დედჰუ (ლასენი 68), მოლინა.
მწვრთნელი: პაბლო ბორდალასი

რეალი (4-4-2): კასილია, რამოსი, ნაჩო, ჰაკიმი, მარსელო (ტ.ერნანდესი 72), კროოსი, მ.ლორენტე, ასენსიო, ლ.ვაზკესი (ისკო 72), ბენზემა (მაიორალი 81), რონალდუ.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 ბენზემა (39), 1:1 მოლინა (56), 1:2 რონალდო (85)
გაფრთხილებები: არამბარი, ლასენი – კროოსი, ნაჩო, ტ.ერნანდესი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ალავესი – სოსიედადი 0:2 (0:0)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, მარიპანი, ელი, ალექსისი, დუარტე, დ.ტორესი (კრკიჩი 81), მ.გარსია, მედრანი (კატაი 64), იბაი (ვიგარაი 64), ალფონსო, ელ ჰადადი.
მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

სოსიედადი (4-2-3-1): რული, დ.ლორენტე, ოდრიოზოლა, კ.როდრიგესი, ელუსტონდო, ზუბელდია, ილარამენდი, ოიარზაბალი (კანალესი 88), პრიეტო, ხუანმი (იანუზაი 67), ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 0:1 ოიარზაბალი (77), 0:2 ელუსტონდო (81)
გაფრთხილებები: დუარტე – დ.ლორენტე
მსაჯი: ხავიერ ალბეროლა როხასი

ატლეტიკო – ბარსელონა 1:1 (1:0)

მადრიდი, “ვანდა მეტროპოოლიტანო”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი (ფ.ტორესი 83), საული, კოკე, კარასკო (ტეიე 73), ა.კორეა (გაიტანი 59), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, სემედუ (რობერტო 61), ალბა, ინიესტა (დეულოფეუ 61), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (პაულინიო 79), გომეში, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 საული (21), 1:1 ლ.სუარესი (82)
გაფრთხილებები: გაბი, საული, გრიზმანი – უმტიტი, რაკიტიჩი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.404978