გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.
ძიუდოს დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 458180 ლარია. ძიუდოს დარბაზის ფართი 370კვ მეტრია, ხოლო სპორტული კომპლექსის საერთო ტერიტორია 600კვ მეტრს შეადგენს. დარბაზში 2-2 გასახდელი და საშხაპე, ამდენივე საპირფარეშო და სავარჯიშო დარბაზია. დავით ქევხიშვილის თქმით, ამ დარბაზში სამასამდე ნორჩი ძიუდოისტი ივარჯიშებს.
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონებში სპორტის განვითარებას. ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სახეობაა და მიხარია, რომ სართიჭალაში ასეთი მშვენიერი დარბაზი კეთილმოეწყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ინიციატორს, ქვემო ქართლში მთავრობის წარმომადგენლებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავის წვლილი შეიტანა ამ მართლაც საშვილიშვილო საქმეში", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
www.msy.gov.ge