ფეხბურთი

19:27 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018: 23/32, პლეი-ოფები და აფრიკული ინტრიგები

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილე 32 ნაკრებიდან 23 უკვე ცნობილია. დანარჩენი 9 გუნდის ვინაობას კი, ნოემბრის შუაში გავიგებთ.

აქვე, ჩამოვთვალოთ ის ნაკრებები, რომლებმაც მუნდიალის საგზური უკვე გაინაღდეს:

რუსეთი, ბრაზილია, ირანი, იაპონია, მექსიკა, ბელგია, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, ნიგერია, კოსტა რიკა, პოლონეთი, ეგვიპტე, ისლანდია, სერბეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, არგენტინა, კოლუმბია, ურუგვაი, პანამა.

ზემოხსენებული გუნდებიდან მუნდიალიზე თამაშის გამოცდილება ყველას აქვს, ისლანდიის და პანამის გარდა. პანამის ნაკრებმა ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევში სენსაცია მოახდინა და პლანეტის პირველობაზე დებიუტის მოლოდინშია. ისლანდიელებმა კი, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, მუნდიალის შესარჩევიც წარმატებულად განვლეს და ჯგუფში პირველობა არავის დაუთმეს.

რაც შეეხება დარჩენილ ადგილებს – ევროპის ოთხი ადგილი შესავსებია. 8 ნაკრები ნოემბერში პლეი-ოფის სისტემით გაარკვევს ყველაფერს. ცნობილია, რომ პირველ კალათაში იქნებიან შვეიცარია, იტალია, ხორვატია და დანია, ხოლო მეორე კალათაში ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, შვედეთი და საბერძნეთი. წყვილები 17 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ასევე პლეი-ოფით გადაწყდება ორი საგზურის მფლობელის ვინაობა: პერუ – ახალი ზელანდია და ავსტრალია – ჰონდურასი.

დანარჩენი 3 გუნდი კი აფრიკის შესარჩევიდან გამოვლინდება. A ჯგუფში ბოლო ტურის წინ ორ გუნდს აქვს შანსი: ტუნისი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ტუნისელთა შანსი უფრო ძვირად ფასობს, რადგან მეტოქეს სამი ქულით სჯაბნის და დასკვნით ტურში შინ აუსტაიდერ ლიბიას ეთამაშება.

C ჯგუფში დაძაბული ვითარებაა – მაროკოს 9, ხოლო კოტ დივუარს 8 ქულა აქვს. 11 ნოემბერს, სწორედ ეს გუნდები შეერკინებიან ერთმანეთს და მასპინძელი კოტ დივუარი იქნება.

D ჯგუფიდან კი მუნდიალზე მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ სამი გუნდი ინარჩუნებს: ბურკინა ფასოსა და კაპე ვერდეს, რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთში ითამაშებენ, 6-6 ქულა აქვთ და ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ სენეგალს. 2002 წლის მუნდიალის აღმოჩენა, პლანეტის მთავარ საფეხბურთო ღონისძიებაზე მას შემდეგ აღარ ყოფილა და ელიტაში დასაბრუნებლად აუტსაიდერი სამხრეთ აფრიკის დამარცხება მართებს ბოლო ტურში.

მოკლედ, წინ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო თამაში გველოდება. მთავარი კი, დამდეგი წლის ცხელ ზაფხულში, 14 ივნისს დაიწყება.

0.129086