ფეხბურთი

11:12 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოლოს მაინც მესი! (+VIDEO)

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. სამხრეთ ამერიკის ზონის შესარჩევის ბოლო ტურში მაინც მოიგო: ეკვადორთან სტურად 3:1 და სამივე გოლი პატარა გენიოსმა გაიტანა.

მართალია, ლანძღავენ, ბარსელონურად არ თამაშობო, ჰიმნს არ მღერიო, მაგრამ თამაშებს რომ ვუყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ნაკრები წინ მხოლოდ მის იმედზეა.

ამ კაცის სახელია ლეო მესი.

არგენტინამ 38-ე წამზე გაუშვა გოლი ეკვადორთან, მაგრამ გაგიჟდა ლეო, გოლი გოლს მიაყოლა და სეირის მოყვარულთა იმედები გააცრუა – არგენტინა მუნდიალზეა.

ყველაზე დრამატული მატჩი პერუში გაიმართა. მასპინძლებმა კოლუმბიას ვერ მოუგეს, მაგრამ არც წააგეს – 1:1 და პერუ ნოემბერში, პლეი-ოფში ახალ ზელანდიასთან ითამაშებს მუნდიალზე გასასვლელად. პერუელებს 1982 წლის შემდეგ არ უთამაშიათ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ახლოს არიან. ასეთი ჯგუფიდან გააღწიეს და ახლა ოკეანეთის წარმომადგენელს რომ დაუტოვონ საგზური, მართლაც დრამა იქნება.

აი, კოლუმბია კი პირდაპირ გავიდა მუნდიალზე. ფრე ხელს აძლევდათ და ხამეს როდრიგესის გოლით იგებდნენ კიდეც, პერუ კი პაულუ გერეროს გოლმა გადაარჩინა.

მაშ, ვინ დარჩა? ვინ და ჩილე, რომელმაც ბრაზილიაში 0:3 წააგო. “პენტაკამეონები” უნდა შევაქოთ, კარგა ხნის განაღდებული აქვთ მუნდიალის საგზური, მაგრამ ფეარ-ფლეი არ დაურღვევიათ და ქულები არ დაურიგებიათ. გაბრიელ ჟესუსმა დუბლი შეასრულა, მანამდე კი პაულინიომ დაიწყო სტუმართა რბევა.

ალექსის სანჩესი და არტურო ვიდალი დააკლდებიან მუნდიალს, მაგრამ თავიანთ თავს დააბრალონ: ბოლო ტურებში ძალიან აურიეს...

რა უცნაური იყო პარაგვაის საშინაო მარცხი ვენესუელასთან – 0:1. რომ მოეგოთ, მუნდიალზე გადიოდნენ, მაგრამ პარაგვაი ისტორიულად ის ნაკრებია, რომელიც ბრაზილიასთან და ვენესუელასთან ერთნაირად თამაშობს. უჭირს, როცა მოსაგებია და არ აგებს, თუ ფრე აწყობს.

ერთადერთი მატჩი, რომელიც თითქმის არაფერს წყვეტდა, ურუგვაი-ბოლივია (4:2). ურუგაველებმა ექვსივე გოლი თავად გაიტანეს, მაგრამ ორი – საკუთარ კარში. დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა. საბოლოოდ, “სელესტე” მეორე ადგილზე გავიდა...

პარაგვაი - ვენესუელა 0:1 (VIDEO)

ბრაზილია - ჩილე 3:0 (VIDEO)

ეკვადორი - არგენტინა 1:3 (VIDEO)

ურუგვაი - ბოლივია 4:2 (VIDEO)

პერუ - კოლუმბია 1:1 (VIDEO)

1. ბრაზილია 18 12 5 1 41:11 41
2. ურუგვაი 18 9 4 5 32:20 31
3. არგენტინა 18 7 7 4 19:16 28
4. კოლუმბია 18 7 6 5 21:19 27
5. პერუ 18 7 5 6 27:26 26
6. ჩილე 18 8 2 8 26:27 26
7. პარაგვაი 18 7 3 8 19:25 24
8. ეკვადორი 18 6 2 10 26:29 20
9. ბოლივია 18 4 2 12 16:38 14
10. ვენესუელა 18 2 6 10 19:35 12

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128078