ფეხბურთი

18:44 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთამერიკული ვნებანი

სამხრეთამერიკული ვნებანი – ცოტაც და საბოლოოდ გვეცოდინება ვიხილავთ თუ არა ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე. კონმებოლის ზონა ბოლო ვერდიქტის მოლოდინშია, გასარკვევი კი მართლაც ძალიან ბევრია.

საერთოდ, ასეთ რამეს იშივიათად ნახავთ: დაკვნით ტურში 5 შეხვედრა გაიმართება და ყველა მატჩს ახლავს ინტრიგა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე.

ბრაზილია – ჩილე

ჩილეს ნაკრები ბრაზილიაში არტურო ვიდალის გარეშე ითამაშებს. თავის მხრივ, ბრაზილიას არანაირი მოტივაცია არ გააჩნია, რადგან უკვე კარგა ხანია მუნდიალის საგზური ჯიბეში უდევს. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი ქომაგები თავისი ნაკრებისგან წაგებას ითხოვნდნენ არგენტინის ნაკრების ჯგუფში ჩასარჩენად.

თავის მხრივ, “ალბისელესტეს” ქომაგებს უნდა ახსოვდეთ, თუ როგორ აღნიშნავდნენ “კოპაკაბანაზე” ტიაგო სილვასა და კომპანიის გამანადურებელ მარცხს გერმანიასთან (1:7).

ტიტემ პოლემიკის თავიდან ასაცილებლად განაცხადა, რომ ბრაზილია მოედანზე მოსაგებად გავა და ამიტომაც, ძირითად შემადგენლობაში ყველა წამყვანი ფეხბურთელი იქნება. თავის მხრივ, ჩილეს თავკაცი პიცი ნახევარდაცვაში პრობლემებს უჩივის, თუმცა დიდი ალბათობით ჩარლს არანგიზი თამაშს მოახერხებს.

ეკვადორი – არგენტინა

აქაც იგივე სიტუციაა: ერთი მოტივირებული (ალბათ, მეტისმეტადაც) და მეორე უმოტივაციო. თუმცა, მიმდინარე შესარჩევმა ციკლმა დაადასტურა, რომ ასეთ თავისებურებებს, არ ცნობს. ეკვადორის ნაკრებმა უკვე დაიწყო მომავლის გუნდის შენება და ამიტომაც, ვალენსია, კაისედო და აროიო არ ითამაშებენ. არგენტინის ნაკრებს კი თამაში კიტოში მოუწევს – ზღვის დონიდან 2 800 მეტრზე. მართალია, ეს არაა 3 600 მეტრი, მაგრამ იქ თამაში მაინც რთულია.

ცოტა ხნის წინ დიეგო ფორლანმა “გარდიანთან” ასეთი რამ თქვა: “ბურთი მიმართულებას ძალიან სწრაფად იცვლის და მოძრაობს, რადგან ჰაერი იშვიათობაა. მართალია, ეს არაა ლა პასი, მაგრამ მაინც სხვანაირად უნდა ითამაშო – უფრო ნელა და მოთმინებით”.

ხორხე სამპაოლის თქმით, შემადგენლობაზე ჯერაც არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ სავარაუდოდ 3-4-2-1 ტაქტიკით ითამაშებს: მესის მხარს პაპუ გომესი და ბენედეტო გაუმაგრებენ, ხოლო დიბალა და იკარდი ისევ თადარიგში დარჩებიან. ხავიერ მასკერანო ნახევარდაცვაში ითამაშებს, ფლანგებზე რიგონი და დი მარია, ხოლო დაცვაში ფედერიკო ფაციო.

პარაგვაი – ვენესუელა

“ალბიროხა” კოლუმბიაში 85-ე წუთამდე ოფიციალურად შვებულებაში იყო, მაგრამ სასწაული მოხდა. ახლა პარაგვაის ნაკრები მეორე სასწაულის იმედადაა, თუმცა ყველაფერი თავის ხელში არაა და სხვებზეცაა დამოკიდებული. ვენესუელა ბოლო ადგილზეა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თამაში არ წააგო. პარაგვაის ნაკრების შეტევაში ისევ სანაბრიას ვიხილავთ, რომელიც კოლუმბიასთან გმირი იყო. თუ პარაგვაი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, შესაძლოა ძეგლიც კი დაუდგან სამშობლოში...

პერუ – კოლუმბია

ეს ნამდვილი პლეი-ოფია. ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი თამაში – ორი არგენტინელი მწვრთნელი ერთმანეთის წინააღმდეგ: გარეკა და პეკერმანი. პირველ წრეში კოლუმბიამ 2:0 მოიგო, მაგრამ ლიმაში თამაში განსხვავებულია. თანაც, პერუს ჩინებული სერია აქვს: 5 მატჩია არ წაუგია და დიდწილად, ამის ხარჯზე შეინარჩუნა მუნდიალზე გასვლის შანსი. სტუმართა დაცვის ცენტრს სანჩესისა და ძაპატას დუეტს ვიხილავთ, რომელსაც ვეტერანი გერეროს გაჩერება მოუწევთ. კოლუმბიის ნაკრებს ფორმაში ჰყავს “ელ ტიგრე”, რადამელ ფალკაო.

“ესტადიო ნასიონალზე” ძალიან ცხელი ატმოსფერო იქნება: პერუს მსოფლიოს ჩემპიონატზე 1982 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

ურუგვაი – ბოლივია

ურუგვაის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე 28 წელია არ მოუპოვებია. ახლა კი, ამას დანამდვილებით გააკეთებს. კავანისთვის და სუარესისთვის ოთხიდან ერთი ადგილი გარანტირებულია. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ურუგვაი ოთხეულში მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს. საგულისხმოა, რომ მეტოქე სუსტი ბოლივიაა, რომელსაც არანაირი შანსი არ გააჩნია და მონტევიდეოში მხოლოდ ფორმალობისთვის ითამაშებს.

ზემოხსენებული ხუთივე შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე გამთენიისას, პარალელურად გაიმართება.

0.32705