ფეხბურთი

17:47 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდი დაბრუნების მოლოდინი

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, შესაძლოა, იტალიის ნაკრებს დაუბრუნდეს. ინგლისური მედია (The Sun da Daily Express) დარწმუნებით გვამცნობენ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კონტესთან მოლაპარაკება უკვე დაწყებული აქვს.

კონტეს “სკუადრა აძურაში” დაბრუნება ზაფხულში ივარაუდება, მაგრამ სხვა ინგლისური ტაბლოიდები იმასაც ამბობენ, რომ კალჩოს მმართველთ, ანტონიოს იტალიის ნაკრებში ხილვა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სურთ.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ, კონტე სამშობლოში დაბრუნების შესახებ თავად საუბრობდა: “იტალია ძალიან მომენატრა. სამშობლოში მალე დავბრუნდები, რადგან უცხოეთში მუშაობას დიდ ხანს არ ვაპირებ”.

ამასობაში, ჯამპიერო ვენტურა მთელი იტალიის კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული და მისი მუშაობით არც ფედერაციაში არიან კმაყოფილნი. მოკლედ, სულაც არაა აზრს მოკლებული ის ინფორმაცია, რომელსაც ინგლისელი ჟურნალისტები ავრცელებენ. სხვათა შორის, ისინი ასევე დარწმუნებით ამტკიცებდნენ რამდენიმე დღის წინ, რომ კონტე “ჩელსიში” ბოლო სეზონს ატარებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებს 2014-2016 წლებში ავარჯიშებდა და ევროპის ჩემპიონატზე ჩინებული ფეხბურთიც ათამაშა.

0.118646