კალათბურთი

12:30 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

Oklahoma City Thunder - ახალი ერა, თუ ერთწლიანი პროექტი?

კევინ დურანტი რასელ უესტბრუკი, ჯეიმს ჰარდენი - ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც ჯერ სიეტლის, შემდეგ კი ოკლაჰომას მაცხოვრებლებს იმედი დაუბრუნეს. იმედი, რომ მათი საყვარელი გუნდი კრიზისიდან გამოვიდოდა და ნელ-ნელა ძველ დიდებას დაიბრუნებდა. მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, როგორ იზრდებოდნენ ერთად ეს ბიჭები და ყველა ხედავდა, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა იმ გუნდს.

"წელს ლებრონისაა ბეჭედი, ალბათ შემდეგ წელსაც და აი, მერე უკვე "ოკლაჰომა" აიღებს"

ეს ფრაზა 2011-12 წლებში ძალიან ბევრჯერ მომისმენია. იმ დროს "ჰიტი" დომინანტი იყო და ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ჩემპიონობას სხვა გუნდი იზეიმებდა, მაგრამ ვიცოდით, რომ "თანდერის" დღეც დადგებოდა. ამ ციტატაში სიტყვა "უკვე" ძალიან ღრმაა და ბევრს ნიშნავს. ის ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს რაღაც ახლოვდება, საკალათბურთო აპოკალიფსის მსგავსი და თუ სხვა გუნდებს რაიმეს მიღწევა სურთ, ძალიან უნდა იჩქარონ. რეალურად, ასეც იყო. გულის სიღრმეში კობის, დანკანისა და ლებრონის თითოეულმა გულშემატკივარმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მომავალი "ოკლაჰომასი" იყო. საკმაოდ ახლო მომავალი.

ახალგაზრდა ტრიომ არ იცოდა, როგორ ეთამაშა დაცვაში და ამისათვის გუნდი ხან ვის იმატებდა, ხან - ვის. ისინი, ალბათ, ვერ იაზრებდნენ, რამხელა პოტენციალი ჰქონდა მათ სამეულს. თამაშობდნენ ლაღად, ლამაზად და სწრაფად, ყველანაირი კომპლექსების გარეშე. ისინი თვალს ხუჭავდნენ უესტბრუკის იმპულსურ გადაწყვეტილებებზე, არ იმჩნევდნენ დაცვაში ჰარდენის უფუნქციობას. პრინციპში მეტოქეები ჯეიმსს თავიანთ შეტევებზე საერთოდ არ იმჩნევდნენ. ეს გუნდი თამაშობდა სიამოვნებისთვის და მაინც ძალიან შორს გავიდა - 2012 წელს დასავლეთ კონფერენციის ფინალი "სან ანტონიოს" მოუგეს და 20-22 წლის ბიჭები სუპერფინალში მოხვდნენ. ჩემზე პატარები. შეუძლებელია, ამ ასაკში გაიაზრო ფინალური სერიის სრული მნიშვნელობა და ისე სერიოზულად მიუდგე ამ დაპირისპირებას, როგორც ამას მეორე, უფრო გამოცდილი სამეული აკეთებდა.

უესტბრუკი - სეფოლოშა - დურანტი - იბაკა - პერკინსი

მეინორი - ფიშერი - რეჯი ჯექსონი - ჰარდენი - კოლისონი - ოლდრიჩი და სხვები.

ვფიქრობ, ეს გუნდი დღეს ზუსტად ისე მოუგებდა იმ "ჰითს", როგორც მაშინ წააგო - 1:4. ბიჭებმა ეს მარცხი ძალიან განიცადეს. მახსოვს ატირებული დურანტი და უესტბრუკი, რომლებიც ერთმანეთის დაწყნარებას ცდილობდნენ... არ დამავიწყდება ვეტერანი ფიშერი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა და ეუბნებოდა, რომ ამით ცხოვრება არ დასრულებულა. მას არაერთხელ ჰქონდა იგივე გამოცდილი და იცოდა, რომ რევანშის დრო აუცილებლად დადგებოდა.

დაუწერელი კანონია, რომ რაც მალე დაიჭერს გუნდი კონკრეტული პრობლემის მიმართ ერთ პოზიციას, მით მალე გადაიჭრება ის. "თანდერიც" საკმაოდ მალე გაერთიანდა საერთო მიზნისთვის, რაც ლებრონზე შურისძიება იყო. ყველა ხვდებოდა, რომ თუ ჩემპიონობა სურდა, საკუთარი თავისთვის უნდა ეჯობნა. და ბიჭები ამაზე მუშაობდნენ. მუშაობდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, მუხლჩაუხრელად. ჯერ ოლიმპიურ გუნდთან ერთად, შემდეგ უკვე "თანდერის" ბაზაზე და ა.შ. დასავლეთში მათი მთავარი კონკურენტი "სპურსი" იყო, მაგრამ "ოკლაჰომა" არარეალური ტემპით უმატებდა და ამ დაპირისპირებაში ფავორიტი სწორედ ბრუქსის ახალგაზრდა კოლექტივი იქნებოდა.

ოლიმპიადიდან ოქროს მედლებით დაბრუნების შემდეგ, ბიჭები გუნდებში გადანაწილდნენ და "ოკლაჰომას" თავისი დიდი სამეული დაუბრუნდა. დაუბრუნდა ოქროს მედლებით და სურვილით, რომ ერთი წლის შემდეგ ამ მედლებისთვის ბეჭდები მიემატებინა.

მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო...

წინა სეზონის შემდეგ რაღაც შეიცვალა...

უესტბრუკისა და დურანტის ანთებული თვალები ბაბუაწვერასთვის აღარაფერს ნიშნავდა...

მას რაღაც სხვა უფრო სურდა...

ჰარდენს ტიტულებს Spotlight-ობა ერჩივნა...

და მან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა...

დიდი სამეული დაიშალა და ოკლაჰომაში თითქოს სიცოცხლე მოკვდა...

შემდეგ იყო უამრავი მცდელობა, რომ რასისა და კევინის წყვილი დიდ სამეულში გარდასახულიყო...

მაგრამ უშედეგოდ - ოკლაჰომაში დიდი სამეული მას შემდეგ აღარავის უნახავს...

ამ ზაფხულამდე...

საბონისი & ოლადიპო → Indiana Pacers

პოლ ჯორჯი → Oklahoma City Thunder

კანტერი, მაკდერმოტი & 2018 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკი → New York Knicks

კარმელო ენტონი → Oklahoma City Thunder

ეს სწორედ ის 2 გაცვლაა, რომელმაც შეიძლება მომავალ სეზონზე დიდი გავლენა იქონიოს. დიდ გავლენაში "ოკლაჰომას" ჩემპიონობას ვგულისხმობ, თორემ ასეთი სუპერგუნდები რომ ხშირად არ ყალიბდება და ეს გადაადგილებები რომ მასშტაბური მოვლენაა, ისედაც ყველამ ვიცით. ბევრი ლაპარაკის გარეშეც აშკარაა, რომ ამ მოქმედებების შედეგად ბილი დონოვანს სკამზე რამდენიმე კარგი კალათბურთელი მოაკლდა, მაგრამ გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. შემადგენლობაა ბევრად უკეთესი, თორემ არავინ იცის, რამდენად გააუმჯობესებს "თანდერი" შარშანდელ შედეგს.

სკამის დამოკლებასთან ერთად, შემცირდა სახელფასო ჭერიც - მომავალ სეზონში "OKC"-ის დიდი სამეული ჯამში თითქმის $ 74 მილიონს მიიღებს, რაც სახელფასო ჭერის ($ 113 მილიონი) ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს. ამას ემატება ადამსის უზარმაზარი კონტრაქტი - $ 22.5 მილიონი და "ოკლაჰომას" დანარჩენი 11 ადგილის შესავსებად მხოლოდ $ 16-17 მილიონი დარჩა. ამასობაში, რობერსონის, აბრინესისა და პატერსონის ჯამური ანაზღაურება $ 20 მილიონია, რაც უკვე გადაჭარბებაა და გუნდის მესვეურებს დაახლოებით $ 20 მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ეს დიდი პრობლემა არაა და როგორმე ჩვენს გარეშეც მიხედავენ. ამიტომ, ახლა მხოლოდ "ოკლაჰომას" თამაშსა და მის პერსპექტივებზე ვისაუბროთ. ცოტა უცნაურია, როდესაც ერთდროულად ორ მაღალანაზღაურებად სუპერვარსკვლავს იმატებ მაშინ, როდესაც მათ სანონტრაქტო წელი აქვთ. ანუ შემდეგ ზაფხულში ჯორჯიც და მელოც თავისუფალი აგენტები იქნებიან და შეიძლება, გეზი საერთოდ სხვა გუნდებისკენ აიღონ. რა თქმა უნდა, გუნდის მფლობელებმა და მწვრთნელმა ეს ჩემზე კარგად იციან და რადგან ასეთ ტრანსფერებზე წავიდნენ, ე.ი რაღაც გეგმა აქვთ.

რა შეიძლება ეს გეგმა იყოს? თუ ეს დუეტი წელს დათანხმდა დასავლეთში გადმოსვლას, ერთი წლის შემდეგაც შეიძლებოდა, უფრო მაღალი სახელფასო ჭერის პირობებში. თანაც როდესაც უესტბრუქიც, მელოც და ჯორჯიც თავისუფალი აგენტები იქნებოდნენ, ვარსკვლავური სამეულის ხათრით, ცოტა ვაჭრობა ხელფასის დაკლებაზეც შეიძლებოდა. ისევ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სხვა ვარსკლავ(ებ)იც დაემატებინათ. ესეც იცოდნენ, მაგრამ გაცვლები მაინც გააკეთეს. რატომ?

რამდენიმე მიზეზი არსებობს. თუნდაც ის, რომ კიდევ ერთი დასაკარგი წელი არც ერთს აქვს. ისიც, რომ, როგორც წესი, კონტრაქტის ბოლო წელს მოთამაშეები მაქსიმალურად იხარჯებიან, რომ კიდევ უკეთესი პირობები მიიღონ... მაგრამ აქ მთავარი მიზეზი ერთი ადამიანია - გასული სეზონის MVP, რომელიც მარტო ვერაფერს გახდებოდა და თუ ტიტულისთვის ვერც მომავალ სეზონში იბრძოლებდა, დიდი ალბათობით, გუნდს შეიცვლიდა.

"ოკლაჰომას" ზაფხულში სულ რამდენიმე არჩევანი ჰქონდა:

  1. გაეცვალა უესტბრუკი და დღევანდელ კვერცხზე მაღლა ხვალინდელი ქათამი დაეყენებინა;
  2. არ ემოქმედათ და გაერისკათ იმის იმედად, რომ შემდეგ ზაფხულში, როდესაც ბევრი სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტი იქნება, რამდენიმე მათგანი და რასი ერთდროულად დაეთანხმებინათ სუპერგუნდის შექმნაზე;
  3. სასწრაფოდ გაეძლიერებინათ გუნდი და გაცვლების შედეგად დიდი სამეული ან ოთხეული შეეკრათ.

პირველ შემთხვევაში, გუნდი "ლეიკერსივით" დაბლა დაეშვებოდა და არავინ იცის, ფსკერიდან ამოსასვლელად რამდენი ხანი დასჭირდებოდა. მეორე ვარიანტი ყველაზე უაზროდ მეჩვენება - რატომ გადაწყვეტდა რასი ახალი სუპერგუნდის შეკრებას და შესათამაშებლად დროის დაკარგვას, როდესაც შეეძლებოდა, უკვე ძალიან ძლიერ გუნდში გადასულიყო (თუნდაც იმავე "უორიორზში" ან "სპურსში"), სადაც ადაპტაციას მალევე გაივლიდა და პირველივე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა? თანაც, ასეთი ტაქტიკა "ოკლაჰომამ" ერთხელ უკვე გამოიყენა და სადაა დღეს დურანტი, ყველამ ვიცით. ყველაზე სწორი და კარგი მესამე ვარიანტი იყო და ხელმძღვანელებიც სწორედ ასე მოიქცნენ.

საუკეთესო გამოსავალი გუნდის დაუყოვნებლივ გაძლიერება იყო, მაგრამ ესეც საკმაოდ დიდ რისკს შეიცავდა - მომავალი სეზონის ჩაგდება და 90%-ით სამივე მოთამაშეს დაკარგავ. არ ვიცი, აქვს თუ არა ხელმძღვანელობას ჯორჯისგან ან მელოსგან კონტრაქტის გხანგრძლივების პირობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხერხმა უკვე გაამართლა - უესტბრუკმა ახალი 4 წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ახლა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შემდეგ ზაფხულში რასი გარანტირებულად ეყოლება და სხვა თავისუფალ აგენტებთან თავისუფლად შეძლებს დალაპარაკებას. მართალია, ჯორჯს ძალიან ხშირად უკავშირებენ "ლეიკერსს" და დიდია ალბათობა, რომ ის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდეს და ინგრამთან მე-2 და მე-3 ნომრის პოზიციები ეპიზოდურად გაცვალოს ("ელეის" საქციელიც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომელმაც კოლდველ-პოუპს მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა), მაგრამ მისი განცხადებით, ერთი წლის შემდეგ "ოკლაჰომას" წინადადებას დაელოდება. თავის მხრივ, მელოს შანსი აქვს კარიერა "კავსში" გააგრძელოს, სადაც მას საუკეთესო მეგობრები - ლებრონი და უეიდი ელოდებიან, მაგრამ მელოსთანაც შეიძლება მოლაპარაკების გამართვა... ერთი კი ფაქტია - ნებისმიერ მოლაპარაკებაში რასი აქტიურად იქნება ჩართული.

2018, 2019 და უფრო შორეული მომავალი გვერდით გადავდოთ და დღეს მხოლოდ მომავალ სეზონზე დავილაპარაკოთ.

ხშირად მომისმენია ვარაუდი, რომ ეს სამეული "ოკლაჰომაში" წინა სეზონში რომ ყოფილიყო, რასს საშუალოდ 15 შედეგიანი გადაცემაც კი ექნებოდა. სრული სისულელეა, რადგან ჯორჯიც და მელოც ბურთის მოყვარულები არიან და მოხსნებზეც საკმაოდ აქტიურობენ. ბევრსაც ესვრიან. მოკლედ, მომავალ სეზონში უესტბრუკის საშუალო სამმაგი დუბლი გამორიცხულია - 25-8-8-ზეც თუ გავიდა, მიღწევა იქნება. ეს MVP-ის ყველაზე ნაკლებად ადარდებს. შეიძლება, ინდივიდუალურ სტატისტიკას მართლაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ამით გუნდი არაერთხელ დაუზარალებია, მაგრამ ეს წარსულია. რასი უკვე გახდა All Star MVP, NBA MVP და საუკეთესო მექულე. შეძლო ის, რაც აქამდე მხოლოდ ერთხელ გააკეთეს - საშუალო სამმაგი დუბლი რეგულარულში! მაგრამ არც ამას დასჯერდა და იგივე პლეი-ოფშიც გააკეთა. საუკეთესო მცველობაზე რასს ამბიცია არასდროს ექნება, ყველაზე განვითარებულ მოთამაშედაც ვეღარ დაასახელებენ (თუ 50-20-20 არ დადო) და რჩება მხოლოდ ერთი ჯილდო - ფინალების MVP, რისთვისაც ჯერ ფინალში გასვლაა აუცილებელი. მოკლედ, ინდივიდუალური ჯილდოები წარსულია, ახლა მისთვის გუნდია მთავარი.

უესტბრუკი ძალიან გამოცდილია და იმაზე ჭკვიანი, ვიდრე ბევრ ჩვენგანს ჰგონია. ძალიან კარგად იცის, რომ ფინალამდე გუნდი მიდის და არა რომელიმე კონკრეტული მოთამაშე. ისიც ესმის, რომ დაცვის გარეშე ჩემპიონი ვერ გახდები. შესაბამისად, მისგან დაცვაში მეტ აქტიურობას უნდა ველოდოთ. ამასთან, ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა გუნდელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და მალე შეთამაშდნენ.

უესტბრუქის მსგავსად, ბეჭედი ჯორჯს და მელოსაც სწყურიათ, რომელთაც ჯერ სუპერ-ფინალებში არც კი უთამაშიათ - მათი მაქსიმუმი კონფერენციის ფინალებში მონაწილეობაა. ჯორჯმა ეს "ინდიანასთან" ერთად 2-ჯერ შეძლო და ორივე შემთხვევაში ლებრონთან დამარცხდა. მელო კი "დენვერში" თამაშისას 2009 წელს ფინალამდე კობიმ არ მიუშვა. შეგახსენებთ, რომ უესტბრუკმა 2012 წელს უკვე ითამაშა სუპერფინალში, მაგრამ ჯორჯის მსგავსად, ლებრონს ვერაფერი მოუხერხა. მოკლედ, თუ "ოკლაჰომა" გადამწყვეტ სერიამდე მივა, იქ სავარაუდოდ ლებრონი დახვდება და ჩემპიონობასთან ერთად მეფეზე "შურისძიებას" საერთოდ სხვა გემო ექნება.

სუპერფინალი გასაგებია, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა, ჩემი აზრით, უფრო რთული იქნება, ვიდრე იქ გამარჯვება. "კავალიერსის" და განსაკუთრებით ლებრონის მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ვთვლი, რომ "სან ანტონიო" და "გოლდენ სტეიტი" უფრო ძლიერები არიან. რა შანსი აქვს ამ "თანდერს" დასავლეთში?

რეგულარულით დავიწყოთ. უფრო სწორად, ჯერ შემადგენლობას გადავხედოთ

PG - უესტბრუკი, კანაანი, კრისტონი

SG - რობერსონი, აბრინესი

SF - ჯორჯი, სინგლერი,

PF - მელო, პატერსონი

C - ადამსი, გრანტი

ძალიან კარგი შემადგენლობაა, მაგრამ სათადარიგო გამთამაშებელი და ცენტრი საერთოდ "დახატავდა". გამთამაშებლად ნორმალური ვარიანტები არიან ნორის კოული, მონტა ელისი, როდნი სტაკი და დერონ უილიამსი. თუ "ოკლაჰომამ" პირველი ნომრის დამატება გადაწყვიტა, ვფიქრობ, მთავარი პრიორიტეტი დერონი უნდა იყოს, შემდეგ სტაკი, კოული და ბოლოს ელისი, რადგან მონტა ძალიან არაგუნდური მოთამაშეა, რომელმაც შეიძლება გუნდს დამატებითი პრობლემები გაუჩინოს.

რაც შეეხება ცენტრს, ანალოგიური პრობლემა "სელტიქსსაც" აქვს და როცა ამ გუნდზე ვწერდი, საუკეთესო ვარიანტებიც ჩამოვწერე. ვფიქრობ, "ოკლაჰომას" ბასი, ეზელი ან ჯორდან ჰილი ძალიან მოუხდება. განსაკუთრებით, ჯანმრთელი ეზელი, რომელიც გუნდის დაცვასაც გააძლიერებს.

არც სინგლერია მესამე ნომრად იდეალური ვარიანტი, მაგრამ მსუბუქ ფორვარდად თამაში რობერსონს და მელოსაც შესანიშნავად შეუძლიათ. ამიტომ, აქ გაძლიერება საჭირო არაა.

რას იტყვით ასეთ გუნდზე?

ძირითადი: რასი - რობერსონი - ჯორჯი - მელო - ადამსი

სათადარიგო: დერონი, აბრინესი, სინგლერი, პატერსონი, ეზელი

შესანიშნავი კოლექტივია, რომელიც უშანსოდ ნამდვილად არც ერთ გუნდთან იქნება. გაძლიერების გარეშე კი "ოკლაჰომას" ბეჭდებისთვის ბრძოლა გაუჭირდება.

"თანდერის" შეტევით პოტენციალზე ბევრს არ ვისაუბრებ - გუნდს საოცარი შემტევები ჰყავს, რომლებიც შეთამაშების და კარგი დაცვის შემთხვევაში ნამდვილად უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებენ.

შეთამაშება დროის ამბავია, მაგრამ როგორი იქნება "ოკლაჰომა" დაცვაში?

ძირითადი ხუთეულიდან რობერსონს და ჯორჯს გამოვარჩევ - ისინი უმაღლესი დონის მცველები არიან. ძალიან კარგია ადამსი. უესტბრუკს პოტენციალი ნამდვილად აქვს, უბრალოდ ის აქამდე მთელ აქცენტს შეტევაზე აკეთებდა. საერთოდაც, მისი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სპორტული ჟინის მქონე კალათბურთელს პირველი-მეორე ნომრებისთვის პრობლემების შექმნა თავისუფლად შეუძლია. მელო დაცვით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ დიდი ძალისხმევის ხარჯზე, ეპიზოდურად, კარგი დაცვაც უთამაშია. ვფიქრობ, ამ ასაკში მისთვის დაცვითი ფუნქციების დაკისრება არასწორი იქნება და ენტონის მთლიანი პოტენციალი და ენერგია გუნდმა შეტევაში უნდა გამოიყენოს. სათადარიგო მოთამაშეებიდან ნორმალურ დაცვას კანაანი და პატერსონი თამაშობენ. არაუშავთ აბრინესსა და გრანტს, მაგრამ ფიზიკურად თუ არ გაძლიერდნენ, ბევრს ვერაფერს იზამენ. დერონი, კოული, სტაკი, ელისის ოთხეულიდან დაცვა მხოლოდ სტაკის შეუძლია, მაგრამ მისი შესაძლებლობებიც შეზღუდულია. რაც შეეხება პოტენციურ სათადარიგო ცენტრს, როგორც აღვნიშნე, ეზელის დამატება იდეალური ვარიანტია, რომ "ოკლაჰომა" ძლიერი დაცვის მქონე გუნდებში გაერიოს.

არსებული შემადგენლობით, ვფიქრობ, "თანდერი" მესამე - მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს და პირველ რაუნდში მოედნის უპირატესობის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. მეორე წრეში კი "უორიორზთან" ან "სპურსთან" ფავორიტი ნაკლებად იქნება, მაგრამ აკურატული თამაშითა და სწორი ტაქტიკით შანსი ნამდვილად მიეცემა.

ტაქტიკას რომ ჩავუღრმავდეთ, ვფიქრობ, გუნდი აქცენტს უფრო საშუალო დისტანციიდან სროლებსა და შესვლებზე გააკეთებს. ხშირად ვიხილავთ სამქულიან ტყორცნებსაც და სავარაუდოდ, საკმაოდ ეფექტურსაც - პერიმტერიდან შეტევა "ოკლაჰომაში" ბევრს შეუძლია. უესტბრუკს, რობერსონს, ჯორჯს, მელოსა და აბრინესს შორეული სროლა საკმაოდ კარგად აქვთ "დაყენებული".

რთულია, პრესეზონზე დაყრდნობით რაიმე ივარაუდო ან დაასკვნა, მაგრამ ერთი ფაქტია - "ოკლაჰომას" ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომლის გამოსამჟღავნებლად დრო და შეთამაშებაა საჭირო და რაც მალე იპოვის საერთო ენას სამი სუპერვარსკვლავი, მით უკეთესი მათთვის და გუნდისთვისაც. სწორედ ეს პროცესი და მისი ხანგრძლივობა განსაზღვრავს "თანდერის" უახლოეს მომავალს და ერთად ვნახავთ, შეძლებს თუ არა რაიმეს მიღწევას ეს სამეული, თუ მორიგ ერთწლიან პროექტსა და იმედგაცრუებას ვიხილავთ.

https://subwayalumnischronicles.blogspot.com/

თეგებიოკლაჰომა
0.117224