10 წლის წინ, ალბათ ყველაზე არარეალურ ოცნებაშიც კი, ისლანდიის ნაკრების ასეთ წარმატებას გულშიც არ გაივლებდა ვინმე. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის შემდეგ, კუნძულელებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს!
ეს, ჯერ კიდევ წინა ტურში გახდა ცნობილი, რადგან იმთავითვე ნათელი იყო, რომ ბოლო ტურში უსუსტეს კოსოვოსთან ისლანდიელებს ფეხი არ დაუცდებოდათ. არც დაუცდათ – გილფი სიგურდსონი ნამდვილი ლიდერია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა: მაშინ, როცა ისლანდიას მაჩანჩალას კარში გოლის გატანა უჭირდა, “ევერტონის” შემტევმა თავის თავზე აიღო თამაში და ანგარიშიც გახსნა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს და ისლანდია მუნდიალზეა – ისლანდიის ნაკრები აგრძელებს არამარტო საფეხბურთო, არამედ, მთლიანად ქვეყნის ისტორიის დაწერას. აფერუმ, ეს შრომის და მიზნისკენ სწორად, რეალურად სწრაფვის შედეგია!
დიდი ჯახი იყო კიევში: პირველ ტაიმში უკრაინის ნაკრები, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება გაიყვანდა პლეი-ოფში, უპირატესობას ფლობდა და გოლის გატანაც შეეძლო. თავის მხრივ, ხორვატიას, რომელსაც ერთი შეხედვით ქულა ხელს აძლევდა, რეალურად ფრე ვერ გაიყვანდა საუკეთესო მეორეადგილოსნებში. ამიტომაც, ზლატკო დალიჩის გუნდმა (რომელმაც სამი დღის წინ ჩაიბარა გუნდი) მეორე ნახევარში მეტოქე დაჯაბნა. გმირი იყო “ჰოფენჰაიმის” ფორვარდი ანდრეი კრამარიჩი – დუბლი გაიფორმა. მისი გოლებით კი, ხორვატია პლეი-ოფში გავიდა და ახლა ორმატჩიანი დუელით ეცდება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას. ანდრეი შევჩენკოს უკრაინის ნაკრები ახლა უკვე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის თუ დაიწყებს მზადებას.
ფინეთი – თურქეთი 2:2 (0:0) VIDEO
გოლები: 0:1 ჯენკ თოსუნი (57), 1:1 არაიური (76), 1:2 ჯენკ თოსუნი (83), 2:2 პოიანპალო (88)
ისლანდია – კოსოვო 2:0 (1:0) VIDEO
გოლები: 1:0 სიგურდსონი (40), 2:0 გუდმუნსონი (68)
უკრაინა – ხორვატია 0:2 (0:0) VIDEO
გოლები: 0:1 კრამარიჩი (62), 0:2 კრამარიჩი (70)
1. | ისლანდია | 10 | 7 | 1 | 2 | 16:7 | 22 | |
2. | ხორვატია | 10 | 6 | 2 | 2 | 15:4 | 20 | |
3. | უკრაინა | 10 | 5 | 2 | 3 | 13:9 | 17 | |
4. | თურქეთი | 10 | 4 | 3 | 3 | 14:13 | 15 | |
5. | ფინეთი | 10 | 2 | 3 | 5 | 9:13 | 9 | |
6. | კოსოვო | 10 | 0 | 1 | 9 | 3:24 | 1 |