ფეხბურთი

22:32 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, F ჯგუფი: სქოთური ოცნება ჩაიფუშა, სლოვაკეთიც უიმედო მდგომარეობაში

შოტლანდიის ნაკრების ოცნება ლუბლიანაში დასრულდა – სქოთებმა ვერ მოახერხეს უმოტივაციო სლოვენიის დამარცხება და მსოფლიოს ჩემპიონატის გზიდან გადავიდნენ. ბოლო ტურის წინ გორდონ სტრაჩანის გუნდი სლოვაკეთს 2 ქულით სჯაბნიდა, მაგრამ ვინაიდან კონკურენტი უსუსტეს მალტას მასპინძლობდა, შოტლანდიას სლოვენიაში აუცილებლად უნდა მოეგო.

სქოთებმა კარგად დაიწყეს და გრიფიტსის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე რომან ბეჟიაკი გამოჩნდა და სქოთური ოცნება დაასამარა. ბეჟიაკმა დუბლი გაიფორმა. მართალია, ბოლოსკენ რობერტ სნოდგრასმა გაათანაბრა, მაგრამ შოტლანდიას მესამე გოლის გასატანად, რომელიც მას პლეი-ოფში გაიყვანდა, აღარ დრო ეყო და აღარც ძალა.

პარალელურ მატჩში კი, სლოვაკეთის ნაკრებმა შანსი დიდებულად გამოიყენა და აუტსაიდერი მალტა გაანადგურა – 3:0. ამ გამარჯვებით სლოვაკებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. თუმცა თავი ქუდში არ აქვთ. საქმე ისაა, რომ დიდი შანსია სლოვაკეთის ნაკრები პლეი-ოფს მიღმა მაინც დარჩეს – საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის, სლოვაკები ამჟამად მხოლოდ ხორვატიისა და უელსის ნაკრებებს უსწრებენ, მაგრამ ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგაც მათზე წინ იყოს. მოკლედ, ვერც შოტლანდიამ გაიხარა და ვერც სლოვაკეთმა...

ინგლისის ნაკრებმა კი, შესარჩევი ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა. ბოლო მატჩი ალბიონელებმა ლიტვაში მოიგეს ჰარი კეინის ზუსტი პენალტით.

ლიტვა – ინგლისი 0:1 (0:1) VIDEO

გოლი: 0:1 კეინი (27)

სლოვაკეთი – მალტა 3:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ნემეცი (33), 2:0 ნემეცი (62), 3:0 დუდა (69)

სლოვენია – შოტლანდია 2:2 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 გრიფიტსი (32), 1:1 ბეჟიაკი (52), 2:1 ბეჟიაკი (72), 2:2 სნოდგრასი (88)

1. ინგლისი 10 8 2 0 18:3 26
2. სლოვაკეთი 10 6 0 4 17:7 18
3. შოტლანდია 10 5 3 2 17:12 18
4. სლოვენია 10 4 3 3 12:7 15
5. ლიტვა 10 1 3 6 7:20 6
6. მალტა 10 0 1 9 3:25 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175442