ფეხბურთი

19:15 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონმებოლის ლაბირინთი: საიდან გადის არგენტინის გზა მუნდიალამდე?

არგენტინის ნაკრების გზა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ლაბირინთს მოგაგონებთ, მაგრამ მისგან თავის დაღწევა ბევრი გზითაა შესაძლებელი. ხორხე სამპაოლის გუნდს აგერ უკვე 4 ტურია გოლი არ გაუტანია (ვენესუელას ავტოგოლს არ ვთვლი) და მაინც არგენტინას კარგი შანსი აქვს მუნდიალზე მოხვდეს.

ამას, “ალბისელესტე” დიდწილად იმას უნდა უმადლოდეს, რომ სამხრეთ ამერიკის ზონაში ბოლო დროს ყველა პანტა-პუნტით ანიავებდა ქულებს. აგერ მაგალითად, 6 ტურის ეკვადორის ნაკრები მუნდიალზე გასვლის რეალური კანდიდატი იყო, მაგრამ იქედან მოყოლებული ქულაც ვერ აიღო და ახლა შანსიც აღარ აქვს.

ეკვადორელთა გარდა ვენესუელა და ბოლოვიაა ისეთი ნაკრებებია, რომელთაც რუსეთში წასვლაზე ფიქრი მხოლოდ ტურისტის რანგში უწევთ. თავის მხრივ, ბრაზილიის ნაკრები ერთადერთია, რომელიც უკვე მუნდიალზეა. ურუგვაი კი 99%-ით ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზეა.

სანამ, არგენტინის ნაკრების ლაბირინთის გზაზე ვიტყოდეთ, მანამდე, სატურნირო ცხრილს ჩავხედოთ:

1. ბრაზილია 17 11 5 1 38:11 38
2. ურუგვაი 17 8 4 5 28:18 28
3. ჩილე 17 8 2 7 26:24 26
4. კოლუმბია 17 7 5 5 20:18 26
5. პერუ 17 7 4 6 26:25 25
6. არგენტინა 17 6 7 4 16:15 25
7. პარაგვაი 17 7 3 7 19:24 24
8. ეკვადორი 17 6 2 9 25:26 20
9. ბოლივია 17 4 2 11 14:34 14
10. ვენესუელა 17 1 6 10 18:35 9

აქვე ბოლო ტურის კალენდარიც:

ბრაზილია – ჩილე

ეკვადორი – არგენტინა

პერუ – კოლუმბია

ურუგვაი – ბოლივია

პარაგვაი – ვენესუელა

ურუგვაის ნაკრები, როგორც ვნახეთ ყველაზე კარგ მდგომარეობაშია: ბოლო ტურშიც შინ თამაშობს და თან წესით, ბოლივიის ძლევა არ უნდა იყოს მისთვის დიდი პრობლემა. პარაგვაის ნაკრებსაც ჩინებული შანსი აქვს, რადგან ასუნსიონში ვენესუელას თუ დაამარცხებს დიდი ალბათობით სატურნირო ცხრილში დაწინაურდება.

ბრაზილიის ნაკრები უმოტივაციოდ დაუხვდება ჩილეს და მხოლოდ ფეირ-პლეის პრინციპების დაცვა მოუწევს. თავის მხრივ, ბრაზილიელი გულშემატკივრები თავის ნაკრებს ქულების დაკარგვისკენ მოუწოდებს, რადგან ჩილე არგენტინის ნაკრების პირდაპირი კონკურენტია.

კონკურენტები არიან პერუც და კოლუმბიაც, რომლებიც ლიმაში შეერკინებიან ერთმანეთს. კოლუმბია ახლა რუსეთში იქნებოდა წინა ტურში სახლში პარაგვაისთან რომ ეყოჩაღა და არ წაეგო.

ახლა კი მთავარ სათქმელზე გადავიდეთ: ყველას ის კითხვა აწუხებს, ლეო მესი ითამაშებს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე? – ასე რომ მოხდეს, შემდეგი ვარიანტები არსებობს:

თუ არგენტინა მოიგებს ეკვადორში – კიტოში სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში არგენტინა მინიმუმ პლეი-ოფში გავა და იქ ახალ ზელანდიასთან უდავო ფავორიტიც იქნება. თუმცა, თუ პარალელური მატჩი პერუსა და კოლუმბიას შორის ფრედ დასრულდება, ან ჩილე ბრაზილიას ვერ დაამარცხებს, ან პერუ კოლმბიას იმაზე მწირი სხვაობით მოუგებს, ვიდრე არგენტინა ეკვადორს, ხორხე სამპაოლის გუნდი პლეი-ოფის გარეშე, პირდაპირ მიიღებს მუნდიალის საგზურს.

თუ ეკვადორთან მატჩში ფრე დაფიქსირდება – ასეთ შემთხვევაში “ალბისელესტეს” ბედი მთლიანად სხვა მატჩებზე იქნება დამოკიდებული. ჩილემ უნდა წააგოს ბრაზილიასთან მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით. გადამწყვეტი იქნება პერუ-კოლუბიისა და პარაგვაი-ვენესუელას მატჩებიც: არგენტინა პლეი-ოფში გავა თუ პერუ კოლუმბიასთან წააგებს, ხოლო პარაგვაი ვენესუელასთან 3 ქულას ვერ მოიპოვებს. თუ არგენტინაც და პერუც ქულას მოიპოვებენ, მაშინ ლეო მესი მუნდიალს მიღმა დარჩება.

თუ არგენტინა ეკვადორთან წააგებს – შესაძლოა აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ “ალბისელესტეს” კიტოში მარცხის შემთხვევაშიც რჩება შანსი. ასეთ შემთხვევაში პერუმ კოლუმბიასთან აუცილებლად იმაზე დიდი სხვაობით უნდა წააგოს, ვიდრე არგენტინა ეკვადორთან დამარცხდება. და, ასევე, ვენესუელამ პარაგვაის ნაკრებს ქულები უნდა დააკარგვინოს.

მოკლედ, ასეთი შანსი აქვს არგენტინის ნაკრებს და ვნახოთ, 11 ოქტომბერს უნდა დაველოდოთ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

იქამდე კი, რეგლამენტს გაგაცნობთ, თუ რა ხდება სამხრეთ ამერიკაში თანაბარი ქულების შემთხვევაში:

1. ბურთების ბალანსი

2. გატანილი გოლები

3. ურთიერთშეხვედრები

4. ბურთების ბალანსი ურთიერთშეხვედრებში

5. გატანილი გოლები ურთიერთშეხვედრებში

0.117724