ფეხბურთი

16:12 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვის დააგვიანდება რუსეთის მატარებელზე?..

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. ცოტაც და უკვე სრულად გვეცოდინება იმ 32 გუნდის ვინაობა, რომლებიც დამდეგ ზაფხულს რუსეთში, ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირში ერთთვიან ბედიერებას მიანიჭებენ გულშემატკივრებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ქომაგებისთვის პირველ რიგში საფეხბურთო ვარსკვლავებთან ასოცირდება, რომელთაც შეუძლიათ გაიბრწყინონ და ერთი თვე ბევრი სიხარული მიანიჭონ საკუთარ ქვეყანას. მაგალითად, როგორც 1986 წელს დიეგო მარადონამ, 1994 წელს რომარიომ, 1998 წელს ზინედინ ზიდანმა, 2002 წელს რონალდომ, 2006 წელს ფაბიო კანავაომ და ასე შემდეგ...

საინტერესოა, რომ 2018 წლის მუნდიალი ნამდვილად დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ რამდენიმე გამორჩეული ფიგურა დააკლდეს. აგერ მაგალითად, კითხვის ნიშნის ქვეშაა პორტუგალიის, იტალიის, არგენტინის ნაკრებთა გასვლა მუნდიალზე. ჰოლანდიას თეორიული შანსიღა აქვს დარჩენილი.

კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალია ბოლო ტურში შვეიცარიის ნაკრებს მასპინძლობენ. ლუზიტანელებმა ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოიგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნოემბერში, პლეი-ოფში მოუწევთ თამაში და რუსეთის საგზურის მოპოვება ორმატჩიან ბეწვის ხიდზე გაივლის.

იგივე დღეშია ჯანლუიჯი ბუფონი და იტალიის ნაკრები. “სკუადრა აძურა” კრიზისშია და ერთ თვეში გავიგებთ ითამაშებს თუ არა მუნდიალზე. სხვათა შორის, ჯიჯი კარიერის დასრულებას მუნდიალის შემდგე აპირებს და ალბათ, დასანანი იქნება თუ მისი ეს სურვილი ვერ ახდება – ანუ, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გავა. ისე კი, იტალიური მედია წერს, რომ გუნდში განხეთქილებაა. კერძოდ, ბუფონი, დე როსი, კიელინი და სხვა ძველი გვრადიელები ჯამპიერო ვენტურასა და სამწვრთნელო შტაბს განუდგნენ. ამასობაში, ვენტურას მუშაობით არც იტალიელი ტიფოზები არიან მოხიბლულნი და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ლიონელ მესი და არგენტინის ნაკრები – “ალბისელესტეს” ძალიან გაუმართლა, რომ მისი კონკურენტებიც ისე უნიათოდ ირჯებიან კარგა ხანია, როგორც თავად. თორემ, ახლა მუნდიალზე გასვლის შანსი დაკარგული ექნებოდა. უნდა ითქვას, რომ სავალალო მდგომარეობაში ხორხე სამპაოლის გუნდი სულაც არ იმყოფება. ბოლო ტურში თუ ეკვადორს დაამარცხებს რუსეთის საგზური ჯიბეში ექნება. შანსი რჩება ფრის შემთხვევაშიც, ოღონდ დამოკიდებული სხვა თამაშებზე იქნება. და, თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ არგენტინის ნაკრები კიტოში მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს მეხუთე ადგილზე, რაც პლეი-ოფში თამაშის გარანტი იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ არიენ რობენსა და ჰოლანდიას. ნუ, ყოველშემთხვევაში, თუ ბოლო ტურში შვედეთს მინიმიმ 7:0 არ დაამარცხებენ. რაც, სიმართლე რომ ვთქვათ, არარეალურია. ჰოლანდიამ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან თავის დროზე ქულები დაუგეგმავად ანიავა. აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდიის ნაკრებს არც ევრო 2016-ზე უთამაშია...

თავი ქუდში არც სხვა ვარსკვლავებს აქვთ. მაგალითად, ალექსის სანჩესი და ჩილეს ნაკრებიც ბეწვის ხიდზე არიან. გარეთ ბეილისა და უელსის ნაკრების გასვლა-არგასვლის საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია. მუნდიალზე ვერ ვიხილავთ აფრიკის გამორჩეულ ფიგურას: პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაბონის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა.

მოკლედ, ყველაზე რთულ სიტუაციაში დიდი გუნდებიდან, ზემოხსენებული 4 ნაკრებია. ვნახოთ, მალე ყველაფერი გაირკვევა.

0.11663