ღია ლიგაში, ანუ რანგით მეხუთე დივიზიონში სამი ტური დარჩა, თუმცა ყველაფერი გადაწყდა: “სპაერმა” და “თბილისმა” ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს სეზონი და საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდათ სხვა კლუბებთან. ეს ორნი ითამაშებენ ზედა ლიგაში. საგზური უკვე გაინაღდეს. ცნობისთვის, ღია ლიგას თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს.
მესამეზე გავიდა ახალგაზრდული “დიდუბე”. ლაშა მიმინოშვილის გუნდმა სხვა კლუბებს აშკარად აჯობა, მაგრამ პირველ- და მეორეადგილოსნებთან ვერაფერი გააწყო.
ზედა ლიგაში გადასულებზე უფრო კონკრეტულად დავწეროთ: “სპაერი” სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერაა შექმნილი. გუნდს ისეთი პირობები აქვს, ბევრ მესამელიგელსაც შეშურდება. როგორც შევიტყვეთ, მთლიანი სახელმწიფო სამსახური დაინტერესებულია, რომ კლუბი განვითარდეს და ეტაპ-ეტაპ მაღალ საფეხურებს მიაღწიოს.
“სპაერი” გაისად დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე არსებულ სტადიონზე ითამაშებს. იქ მოედნის გაკეთება გაზაფხულზე დაიწყეს და თითქმის ყველაფერი მზადაა. კარგი სტადიონი იქნება.
“სპაერის” მთავარი მწვრთნელი კახა მაისურაძეა, თანაშემწე კი – ლევან ჩხაიძე. გუნდში გამოირჩევიან ფორვარდი ზურაბ ტიელიძე, ნახევარმცველი გიორგი ბაგალიშვილი, შემტევი ალექსანდრე ივანიშვილი, მარჯვენა მცველი გიორგი ბერიშვილი.
სხვათა შორის, “სპაერსა” და “თბილისს” ურთიერთშეხვედრების გარდა, ქულა თითქმის არ დაუკარგავთ. სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან ორი თამაში ფრედ დასრულდა (3:3, 0:0), ხოლო ერთხელაც “სპაერმა” 4:2 იმარჯვა. ორივე გუნდი თითქმის გადასული იყო ზედა ლიგაში, მაგრამ პირველი ადგილიდან გადასვლა მაინც სხვაა. ამიტომაც, გადამწყვეტი გამოდგა “ავაზას” სტადიონზე გამართული მატჩი, რომელშიც “სპაერმა” ბოლოს გატეხა თბილისელები: 2:2 იყო და ბოლო 15 წუთში ორი გოლი გაიტანა.
ახლა “თბილისზე”, რომელმაც 18 მატჩში 112 გოლი გაიტანა. საშუალოდ ერთ თამაშში 6 ბურთზე მეტი. “თბილისში” მუშაობენ “ლოკომოტივის” ყოფილი მწვრთნელები ლაშა გაფრინდაშვილი და მალხაზ ქოქიაშვილი. სწორედ ქოქიაშვილია კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ფეხბურთელების დიდი უმრავლესობაც “ლოკოს” აღზრდილია და სწორედ გაფრინდაშვილის ხელმღვანელობით თამაშობდნენ. 1997 წელს დაბადებულები სჭარბობენ, მათ შორის ისეთებიც არიან, ასაკობრივ ნაკრებებში რომ იყვნენ.
მაგალითად, შემტევ სანდრო შინჯიკაშვილს 15 შეხვედრაში 29 გოლი აქვს გატანილი. გამოირჩევიან რეზი ქიტიაშვილი, გოგა ჩხაიძე, შალვა ნონიაშვილი, კაპიტანი ნიკა მანგოშვილი, ალექსანდრე შანიძე, გიორგი ღვინაშვილი... საინტერესოა, რომ “თბილისის” ორი ფეხბურთელი ამჟამად სანაკრებო შეკრებაზეა: ნონიაშვილი - 20-წლამდელებში, ხოლო სერგი არჩუაძე - 18-წლამდელებში. მეხუთე ლიგიდან ნაკრებში მოხვედრა აღსანიშნავი ფაქტია.
“თბილისს” ბავშვთა გუნდიც ჰყავს, ანუ ზრუნავს მომავალზე. ვარჯიშები პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან მიმდებარე მოედანზე ტარდება. შეგიძლიათ, აქაც ნახოთ: www.facebook.com/safexburTo-skola-Tbilisi-Football-School-Tbilisi-102292370298932/
სხვათა შორის, “თბილისისა” და ”სპაერის” დაპირისპირებებისას ბევრმა აღნიშნა, ასეთი თამაშები არათუ ზედა ლიგაში (რანგით მეოთხე), არამედ ლიგა 3-შიც იშვიათიაო. ამ გუნდებმა რანგით მეოთხე ლიგის კლუბებს ამხანაგურ მატჩებში დიდი ანგარიშით სძლიეს. სავარაუდოდ, გაისად ზედა ლიგაშიც ლიდერთა შორის იქნებიან. ვნახოთ, ყველაფერს მაინც ფინანსებისკენ და შემადგენლობის შეკრებისკენ მივყავართ.