ფეხბურთი

0:45 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რესურსის გარეშე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ შესარჩევში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, ამას კი თავისი მიზეზები ჰქონდა: არაერთი წამყვანი ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო, მათ შორის, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილიც. ზოგიერთი გუნდში პრაქტიკის გარეშეა, ხოლო ჯაბა კანკავა სულაც უკლუბოდ გახლავთ.

ისედაც მწირი რესურსი და თანაც, კიდევ ამდენი დანაკლისი... ამ დროს კი მეტოქე იყო მოგებაზე დაგეშილი, მათთვის თბილისური მატჩი ფინალის თუ არა, ნახევარფინალის ტოლფასი მაინც იყო. უელსსაც აკლდა მთავარი კაცი, რომლის სატრანსფერო ფასი ყველა ქართველი ფეხბურთელის ერთად აღებულს გადასწონის. თუმცა გარეთ ბეილის გარდა, უელსელებს არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ. პრემიერლიგაში თამაშობენ, ჩვენებზე კი ყველამ იცით.

იტყვით, მაშ უელსში ასე კარგად როგორ ვითამაშეთო, მაგრამ მაღალი კლასი სწორედ სტაბილურობაშია. რამდენიმე მატჩი ყველამ შეიძლება კარგად ჩაატაროს, აი, სტაბილურობა კი სხვაა.

ირლანდიასთან საშინაო მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ვფლობდით ბურთს, ოღონდ კარში დარტყმა გვიჭირდა. რამდენჯერ შევქმენით ხიფათი? პირველ ტაიმში გიორგი ქვილითაიამ ააცილა თავური ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ; მეორეში ისევ კაკაბაძემ იაქტიურა, დავით სხირტლაძეს გააყოლა ბურთი, მან გიორგი მერებაშვილი მოძებნა და “პლოცკის” შემტევმა მეკარეს ვერ აჯობა; ბოლოს გურამ კაშიას დაფარულ პასს შეიძლებოდა მოჰყოლოდა კარგი გაგრძელება, მაგრამ კაკაბაძემ იჩქარა.

უელსელებსაც არ ჰქონიათ ბევრი შანსი, მაგრამ მათ მოქმედებებში, კომბინაციებში ნათლად ჩანდა, რომ მართლაც კარგი ნაკრებია. ზოგჯერ ქუსლურ პასებსაც არ ერიდებოდნენ, თანაც, ქართველთა საჯარიმოში. გოლს რაც შეეხება, “დერბის” შემტევმა ლოურენსმა საბა კვირკველია მოატყუა, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა და გიორგი ლორია მზად არ იყო, ხელები შეახო ბურთს და მორჩა – 0:1.

ვლადიმირ ვაისს აშკარად არ უყვარს შეცვლები, წინა თამაშებშიც ერიდებოდა დაახლოებით 75-ე წუთამდე ახალი ფეხბურთელის შემოყვანას. თითქოს იკითხებოდა, რომ გიორგი ჭანტურია უნდა ჩაერთო თამაშში, მაგრამ ასე არ მოიქცა – ამზადებდა გიორგის და საბოლოოდ, დავით ხოჭოლავა შეიყვანა 89-ე წუთზე. მცველის შეყვანამ, როცა გუნდი აგებს, კითხვები დაბადა, თუმცა ცხადი იყო: ბოლო წუთზე ჩაწოდებების იმედად უნდა ყოფილიყო ნაკრები, ხოჭოლავა კი თავით კარგად თამაშობს და კარიერის დასაწყისში სულაც თავდამსხმელი იყო.

მხოლოდ ამ მატჩით არ უნდა ვიმსჯელოთ ვაისის მუშაობის ავ-კარგზე. ნაკრებს ამ შესარჩევში აშკარად მეტი ქულა უნდა ჰქონდეს, თუ თამაშის ხარისხს გავითვალისწინებთ. არის რაღაც ამბები, რასაც ვაისი ვერ უშველის. მაგალითად, კლუბებში ვერ დარეკავს და ვერ აიძულებს, რომ ქართველი ლეგიონერი რამდენიმე წუთით, სამადლოდ მაინც შეუშვან მინდორზე.

აქამდე ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური გაბრწყინებებით ვუგებდით უელსელებს. დღეს კი მინდორზე ასეთი ფეხბურთელი არ გვყოლია.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი.

თბილისი. დინამო არენა

საქართველო – უელსი 0:1 (0:0)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი (ჯიღაური 76), გვილია (ხოჭოლავა 89), მერებაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (სხირტლაძე 76)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

უელსი: ჰენესი, განტერი, ვილიამსი, ჩესტერი, დევისი, ლედლი (ედვარდსი 82), ალენი, რემზი, კინგი, ლოურენსი (ვუდბერნი 90+1), უოქსი (რობსონ-კანუ 74)

მწვრთნელი: კრის კოულმენი

გოლი: 0:1 ლოურენსი (49)

გაფრთხილება: ლოურენსი (55)

მსაჯი: მანსანო (ესპანეთი)

0.140015