კალათბურთი

14:06 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი ბელგიაში გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაასრულა. გია კაზანჯიანის გუნდმა ბელგიაში ადგილობრივ ნაკრებთან 3 შეხვედრა გამართა, საიდანაც 2 წააგო, ერთში კი გამარჯვება მოიპოვა.

ბელგია საქართველოს მსგავსად “ბ“ დივიზიონშია, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს და სავარაუდოდ, ელიტაში გადასასვლელადაც იბრძოლებს. ქართველებთან გამართული სამივე მატჩი დაძაბული გამოდგა. ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო, გამარჯვება ვის დარჩებოდა.

პირველ შეხვედრაში ბელგიელებმა 73:67 იმარჯვეს. ქართველებს ბოლო პერიოდში ჰქონდათ მოგების შანსი, სრულ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს იმ უპირატესობის შენარჩუნება, რომელიც მესამე მეოთხედის ბოლოსთვის მოიპოვეს.

მეორე მატჩს ქართველები პირველი ტაიმის შემდეგ 14 ქულით აგებდნენ, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდებში თამაში დაალაგეს და გამარჯვებასაც მიუახლოვდნენ, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი ვეღარ გადადგეს და 3 ქულის სხვაობით – 65:68 დამარცხდნენ.

ბოლო მატჩში, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართა, გია კაზანჯიანის გუნდმა ბელგიელებს 46:43 სძლია. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებმა ბელგიელებს სამივე მატჩის ბოლო პერიოდი დამაჯერებლად მოუგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენებს ფიზიკურ მომზადებაში საქმე კარგად აქვთ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ 16-წლამდელებმა ყველაზე ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. ბოლო 20 დღეში ნაკრებმა 12 სპარინგ-მატჩი გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 1 ფრედ (ესტონეთის ნაკრებთან) დაასრულა და 3 (ბელგიასთან ორჯერ და უკრაინასთან) წააგო. ქართველებმა დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვეს ლატვიაში შეკრებაზე მყოფ რუსეთის თანატოლთა ნაკრებთან – 72:55.

მაშ ასე, დასრულდა 16-წლამდელთა ნაკრების მოსამსადებელი ეტაპი. გია კაზანჯიანის გუნდი ორ დღეში გეზს მაკედონიისკენ აიღებს, სადაც ქალაქ შტრუმიცეში 20-30 აგვისტოს „ბ“ დივიზიონის მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფშია ისრაელთან, ნორვეგიასთან, სლოვენიასთან და მასპინძელ მაკედონიასთან ერთად. მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გადის.

ბელგია – საქართველო 73:67 (18:15, 18:16, 24:15, 13:21)

საქართველო: ცირეკიძე (16), დარბაიძე (14), აფხაზავა (11), ფურცხვანიძე (10), ლეონიძე (9),  ბულაშვილი (7)

ბელგია – საქართველო 68:65 (20:10, 20:16, 16:19, 12:20)

საქართველო: ლეონიძე (19), თვალაბეიშვილი (14)

ბელგია – საქართველო 43:46 (15:12, 4:8, 16:12, 8:14)

საქართველო: ლეონიძე (11), ცირეკიძე (8), ბულაშვილი (7), ბაბილოძე (7), ფურცხვანიძე (7), აკობია (6)

www.gbf.ge

0.115734