კალათბურთი

12:35 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიელებს ოვერტამში სძლია

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები გამარჯვებათა სერიას ჰოლანდიაშიც აგრძელებს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ნიდერლანდების მყუდრო ქალაქ ვირტში მასპინძელთა ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში და დამატებით დროში 68:65 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. მეოთხე, გადამწყვეტი მეოთხედის წინ, ჩვენი გუნდი 16 ქულით აგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩამორჩენა ძალიან დიდი იყო და თამაშის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილი გახლდათ, ქართველები არ დანებდნენ.

ბოლომდე ბრძოლისა და შემართების ხარჯზე, ქართველმა 16-წლამდელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა. მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი 40 წუთი ფრედ – 54:54 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ლევან გოგალაძემ ზუსტი სამქულიანი სროლით ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში ქართველები ფსიქოლოგიურად უფრო წელგამართულები იყვნენ. ის ტემპი და შემართება, რომელიც მეოთხე ათწუთეულში ჰქონდათ, დამატებით დროშიც გაიყოლეს და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

ჰოლანდიელებმა ძალიან უხეშად ითამაშეს და მსაჯებისგანაც სიმპათიით სარგებლობნდნენ. ეს ის ნაკრებია, რომელმაც 2 კვირის წინ ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ითამაშა.

ჰოლანდიელებს არ უნდოდათ წაგება, მაგრამ ქართველების ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო და კაზანჯიანის გუნდის წარმატებული სვლა გაგრძელდა. პირველად, 13 ივლისს ესტონეთში რომ დამარცხდნენ, მას შემდეგ ქართველმა 16-წლამდელებმა ზედიზედ 4 თამაში მოიგეს.

მატჩის შემდეგ ჰოლანდიაში დავუკავშირდით ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ გიორგი ნიკოლაძეს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხით – არა. ჰოლანდიელები მასპინძლები იყვნენ და არც გაგვკვირვებია, სადაო ეპიზოდებში მსაჯები მათ მხარეს რომ იჭერდნენ. მასპინძლები ძალიან უხეშობდნენ, რის გამოც თამაშის მსვლელობისას ტრავმა მიიღეს და მოედანზე აღარ დაბრუნებულან ბილი ალიევი, გიგი გოგობერიშვილი და ზურაბ კერესელიძე. რაც შეეხება გიორგი ცირეკიძეს, მას თამაშამდე აწუხებდა ტრავმა და არ უთამაშია.

ძალიან ცუდად ვესროლეთ საჯარიმოები, თუმცა ბოლო პერიოდში ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და თითქმის უიმედო სიტუაციიდან მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. 30 ივლისს მეორე მატჩი გვაქვს, რომელსაც ტრავმებით ვხვდებით. ის, თუ ვინ ითამაშებს, ჯერ არ არის ცნობილი“.

16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ჰოლანდია. ვირტი. 29 ივლისი

ჰოლანდია - საქართველო 65:68 (16:13, 14:14, 16:3, 8:24, 11:14)

საქართველო: ალიევი (2), კერესელიძე (1), გოგალაძე (15 ქ, 9 მ), ცქიფურიშვილი (5), ლომიძე (16 ქ, 4 ჩ), თვალაბეიშვილი (4), გოგობერიშვილი (2), ისიანი (14 ქ, 8 მ), გიორგაძე (2), სხირტლაძე (1), აფხაზავა (6).

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.121462
სარეკლამო ადგილი - 99
X x X