საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშება 2 დასანანი მარცხით დაიწყო, თუმცა, შემდეგ 2 გამარჯვება იზეიმა და შემდეგ ეტაპზე გასვლის არცთუ ცუდ შანსს ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ტურნირის სტარტზე გია კაზანჯიანის შეგირდებმა ჩეხეთთან (51:52) და უნგრეთთან (59:63) წააგეს, მაგრამ მობილიზება მოახერხეს და ჯერ აუტსაიდერ ლუქსემბურგს (83:39) მოუგეს, გუშინ კი ბელარუსიც დაამარცხეს – 74:66.
ქართველთათვის სასიკეთოდ დასრულდა ის შეხვედრებიც, რომელიც ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. თავდაპირველად, ავსტრიამ უნგრეთს ოვერტაიმში 76:71 სძლია, შემდეგ კი უნგრეთი უკვე ჩეხეთთან დამარცხდა – 56:70.
შედეგად, ის გამოვიდა, რომ თუკი დღეს ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრიას 5 ქულის სხვაობით დაამარცხებს, D ჯგუფში ჩეხეთის 16-წლამდელთა გუნდის კვალად მე-2 ადგილს დაიკავებს და ელიტარული A დივიზიონისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
შესაძლოა, კაზანჯიანის შეგირდებს ავსტრიელთა მინიმალური ანგარიშით ძლევაც ეყოთ, თუკი მოგვიანებით უნგრელები ბელარუსთან წააგებენ, თუმცა, ცხადია, ქართველები აღნიშნულის იმედად ვერ იქნებიან.
და ერთიც. B დივიზიონში გამართული 4 ტურის თავზე მოხსნებში საუკეთესო მაჩვენებელი (საშუალოდ 13.0) ქართველ ვილი ისიანს აქვს. შეგახსენებთ, რომ ეს ისიანია, რომელმაც საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში “მართვეს” 127 ქულა (!) ჩაუგდო.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩეხეთი 4 0 295:215 8
2. ავსტრია 3 1 247:235 7
3. საქართველო 2 2 267:220 6
4. უნგრეთი 2 2 281:259 6
5. ლუქსემბურგი 1 3 187:291 5
6. ბელარუსი 0 4 237:294 4
12 აგვისტო
19:30 ავსტრია – საქართველო
22:00 ჩეხეთი – ლუქსემბურგი
22:00 უნგრეთი – ბელარუსი