ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-2 ტურში საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა და უკანასკნელი 5 წუთის განმავლობაში ქულაც ვერ ჩააგდო. შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა – გია კაზანჯიანის შეგირდები 59:63 (21:19, 19:12, 12:15, 7:17) დამარცხდნენ და ფაქტობრივად, A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგეს.
სამწუხარო ისაა, რომ ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს ორივე გასული შეხვედრის მოგება შეეძლოთ და ორივე დათმეს. შეგახსენებთ, რომ საწყის მატჩში ჩეხებმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ჩააგდეს, ახლა კი, უნგრელები თითქმის მთელი შეხვედრა მდევრის როლში იყვნენ და თამაში მაინც სათავისოდ დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დავით ლომიძე გახლდათ, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო, 3 ქულას 15 მოხსნა წაამატა ვილი ისიანმა, გიორგი ცირეკიძემ 10 ქულა მიითვალა, ხოლო ლევან გოგალაძეს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 9 ქულა, 8 მოხსნა.
ჩეხების არ იყოს, ქართველებმა მოხსნებში უნგრელებსაც აჯობეს (45:40), თუმცა, ამჯერადაც სავალალო სიტუაცია იყო საჯარიმოების შესრულების დროს. კაზანჯიანის შეგირდებმა 7-დან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენეს და თანაც 2 სროლა ბოლო წამებზე გააცუდეს, როდესაც ანგარიშის გათანაბრება შეიძლებოდა.
A დივიზიონისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად ჯგუფის ორ მოწინავე გუნდში მოხვედრაა საჭირო, ამდენად, საქართველოს 16-წლამდელთა გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, თანაც, უდაკარგო სვლის შემთხვევაშიც კი, უკვე სხვათა შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ქართველ კალათბურთელებს მორიგი შეხვედრა 10 აგვისტოს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ელით.