საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა, ანთალიის ევროპის თასი ხვავრიელად მოიარა. მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ვაზაგაშვილმა თურქეთში გაფართოებული შემადგენლობა იახლა. თავის გამოჩენის შანსი ახლახან ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანს მიეცა (სულ 32 ჭაბუკი). მათ გარდა კი, ტატამზე უმედლოდ დარჩენილი 6 ძიუდოისტიც გავიდა.
ქართველებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს. ჩემპიონები გახდნენ: თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ), ლევან გუგავა (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (81 კგ), შალვა ჩოჩელი (90 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+90 კგ). აპოლონ ზურაბიანი (66 კგ), ბექა დონღვანი (73 კგ), ადამ ვარაზიშვილი (81 კგ) და გიორგი გელაშვილი (+90 კგ) ფინალში დამარცხდნენ. მესამე საპრიზო ადგილზე კი, გოდერძი ფეტვიაშვილი (55 კგ), დავით ჭიკაიძე (66 კგ), ჯაბა მუმლაძე (81 კგ), ჯაბა კაპანაძე (90 კგ) და ზაზა ხუბულური (+90 კგ) გავიდნენ.
ვაჟების პარალელურად, ანთალიაში გოგონებმაც იჭიდავეს და ქართველებს თავი არც აქ შეურცხვენიათ – 7 გოგონადან, კვარცხლბეკზე 2 ავიდა. მარიამ ჯანაშვილმა (57 კგ) ევროპის თასი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მარიამ ციხელაშვილი (57 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.
ორ კვირაში, ჭაბუკი ძიუდოისტები უკრაინულ ევროპის თასზე გაემგზავრებიან. იმ ტურნირს ორი ქართული შეჯიბრი მოჰყვება და საერთო შედეგებით საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაკომპლექტდება, რომელიც ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.
ოთარ მაღლაკელიძე







