ფეხბურთი

15:39 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხორხე სამპაოლი: “ეჭვი არ მეპარება, არგენტინა მუნდიალზე ითამაშებს”

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ეკვადორს დაამარცხებს და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეძლებს.

არგენტინელმა სპეციალისტმა პერუსთან საშინაო მატჩის (0:0) შემდეგ აღნიშნა, რომ არასასურველი შედეგის მიუხედავად, ფეხბურთელებს მონდომება არ აკლიათ, რაც მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

“ეკვადორთან თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, აუცილებლად მოვიგებთ. გუნდი გაღიზიანებულია პერუს დამარცხება რომ ვერ შევძელით, თუმცა ენთუზიაზმით აღსავსე. ნაკრების ლიდერებთან პრეტენზია არ მაქვს, ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულეს. ჩვენ ძლიერები ვართ და ეჭვი არ მეპარება, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს” - აცხადებს სამპაოლი, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი ჩაატარა და სამივეში ფრეს დასჯერდა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფკაციო ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 25 ქულით, 10 გუნდს შორის, მე-6 ადგილზე იმყოფება. სამპაოლის შეგირდები შესარჩევის ბოლო მატჩს ეკვადორის წინააღმდეგ 11 ოქტომბერს, სტუმრად ჩაატარებენ.

0.107703