საოცარია, მაგრამ ფაქტია - 73 დარტყმა (21 კარის ჩარჩოში) და არცერთი გოლი - ეს არგენტინის ნაკრების სტატისტიკაა შესარჩევი ციკლის ბოლო ოთხ მატჩში!
ამ გუნდის ფეხბურთელებს 24 მარტის შემდეგ ოფიციალურ მატჩში გოლი თვითონ არ გაუტანიათ.
ბოლოს არგენტინელებმა ჩილეს ნაკრებს მესის გოლით მოუგეს, მას შემდეგ კი შესარჩევის მეოთხე მატჩი ჩაატარეს “მშრალად”: დამარცხდნენ ბოლივიასთან (0:2), ფრედ ითამაშეს ურუგვაისთან (0:0), ვენესუელასთან (1:1, ვენესუელელმა ფეტჩერმა არგენტინელებს ავტოგოლი “შეაშველა”), მდგომარეობის გამოსწორების კარგი შანსი ჰქონდათ ახლა პერუსთან, თუმცა მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა ვერც პერუელთა კარს მოუძებნეს გასაღები - 0:0 და არგენტინა სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფში უკვე მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის გადათამაშებაში მოხვედრის საშუალებასაც კი არ აძლევთ.
ბოლო იმედი, უკვე მუნდიალს მიღმა დარჩენილ ეკვადორთან დასკვნით ტურში სტუმრად გასამართი შეხვედრაა, რომელსაც ხორხე სამპაოლის გუნდისთვის სასოცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
არგენტინელთა მსგავსად, უგოლოდ ითამაშა ბრაზილიის ნაკრებმა ბოლივიასთან სტუმრად - 0:0, თუმცა ბრაზილიელებს, მათგან განსხვავებით, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ და შეუძლიათ მშვიდად ჩაამთავრონ შესარჩევი.
ამ ტურში მესამე 0:0 სან კრისტობალში დაფიქსირდა, სადაც აუტსაიდერმა ვენესუელამ შესარჩევში მეორე ადგილზე მყოფ ურუგვაის დააკარგვინა ქულები. ვერ იყოჩაღეს ედინსონ კავანიმ და ლუის სუარესმა.
ძალიან საჭირო 3 ქულა მიითვალა ჩილეს ნაკრებმა ეკვადორთან დაპირისპირებაში. მასპინძლები 22-ე წუთზე ვარგასმა დააწინაურა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იბარას გამათანაბრებელმა გოლმა ჩილელი ქომაგი კი ანერვიულა, თუმცა აქ საქმეში უკვე ალექსის სანჩესი ჩაერია და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ამ თამაშის შემდეგ ჩილელებმა მეექვსე ადგილიდან მუნდიალის საგზურის მომტან ზონაში აინაცვლეს და მესამე ადგილზე გამაგრდნენ.
რუსეთის საგზურის ვადაზე ადრე განაღდების შანსი ვერ გამოიყენეს კოლუმბიელებმა, რომლებიც პარაგვაის ნაკრებს მასპინძლობდნენ და რადამელ ფალკაოს გოლით სასურველი მიზნისკენაც მიდიოდნენ, თუმცა თამაშის მიწურულს ორი გოლის გაშვება “მოახერხეს” და 1:2 დამარცხდნენ. კოლუმბია ბოლო ტურის წინ 26 ქულით მეოთხეა, პარაგვაის ნაკრებმა კი 24 ქულა დააგროვა და ხუთეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.
ბოლივია - ბრაზილია 0:0 (VIDEO)
კოლუმბია - პარაგვაი 1:2 (VIDEO)
ვენესუელა - ურუგვაი 0:0 (VIDEO)
1. | ბრაზილია | 17 | 11 | 5 | 1 | 38:11 | 38 | |
2. | ურუგვაი | 17 | 8 | 4 | 5 | 28:18 | 28 | |
3. | ჩილე | 17 | 8 | 2 | 7 | 26:24 | 26 | |
4. | კოლუმბია | 17 | 7 | 5 | 5 | 20:18 | 26 | |
5. | პერუ | 17 | 7 | 4 | 6 | 26:25 | 25 | |
6. | არგენტინა | 17 | 6 | 7 | 4 | 16:15 | 25 | |
7. | პარაგვაი | 17 | 7 | 3 | 7 | 19:24 | 24 | |
8. | ეკვადორი | 17 | 6 | 2 | 9 | 25:26 | 20 | |
9. | ბოლივია | 17 | 4 | 2 | 11 | 14:34 | 14 | |
10. | ვენესუელა | 17 | 1 | 6 | 10 | 18:35 | 9 |
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკის ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოთხი გუნდი პირდაპირ იასპარეზებს, მეხუთეადგილოსანს კი პლეი ოფში მოუწევს ბრძოლა.
ბოლო ტურში, 11 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდებიან:
პარაგვაი - ვენესუელა
ბრაზილია - ჩილე
ეკვადორი - არგენტინა
პერუ - კოლუმბია
ურუგვაი - ბოლივია