უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, უელსის ნაკრების მიზანი გამარჯვებაა და გარეთ ბეილის დანაკლისის მიუხედავად, თბილისში 3 ქულისთვის იმყოფებიან.
გარდა ამისა, კოულმენმა საქართველოს ნაკრებიც შეაქო და თქვა, რომ მომავალში წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.
“ბეილი შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა კოჭი აწუხებდა და გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ დაგვაკლდება, მაგრამ ასეთი სიტუაციაში ადრეც ვყოფილვართ და ვფიქრობ, საკმარისად ძლიერი გუნდი გვყავს იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მიმდინარე შესარჩევ ციკლში უმეტესად ლიდერების გარეშე მოგვიწია თამაში და ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას. ხვალ თუ ვერ მოვიგეთ, ეს არ იქნება ბეილის არყოფნის ბრალი.
საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და დასაკარგი არაფერი აქვს. პირველ თამაშში აშკარად გვაჯობეს. კარდიფში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, შეიძლებოდა საერთოდ დავმარცხებულიყავით. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ უარყოფითი ბალანსი გვაქვს ქართველებთან და ამიტომაც, ვფიქრობ, ხვალაც დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გველოდება.
როგორც მწვრთნელს, ყოველთვის მსურს, რომ ჩემს განკარგულებაში საუკეთესო კონტიგენტი იყოს, მაგრამ ასე ყოველთვის არ ხდება. შესაძლოა, ითამაშონ ახალგაზრდებმაც და ეს არ იქნება არანაირი პრობლემა.
საქართველოს ნაკრები ბურთს კარგად ფლობს, თუმცა საერთაშორისო ფეხბურთში ხშირად ეს არაა საკმარისი და გამოცდილებაა მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს თამაშს, მომავალში წარმატებასაც მიაღწევს. წარსულს კი ჩვენთვის ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, - განაცხადა კოულმენმა.
საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.