ფეხბურთი

18:55 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “უელსთან გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”
“კონტრაქტი? – ლევან კობიაშვილს ვესაუბრე...”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ერთი წლის წინანდელი, კარდიფული დაპირისპირებისგან განსხვავებული თამაში იქნება.

ვაისმა ახალი კონტრაქტის შესახებაც გააკეთა კომენტარი: ახლა მთავარი მომდევნო ორი თამაშია და ყველაფერი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდებაო.

“გარეთ ბეილი რომ უელსის ნაკრებს დააკლდება, ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია და უკეთესი იქნებოდა მოედანზე ყოფილიყო. თანაც, რამდენიმე ლიდერი ჩვენც გვაკლია. ასე რომ, ძალიან რთული თამაში გველოდება.

უელსის ნაკრებიდან რობსონ კანუსა და ვოუკსს გამოვარჩევდი. თუმცა, არ ვიცი მეტოქე რა ტაქტიკით ითამაშებს. სიმართლე გითხრათ, მირჩევნია საქართველოს ნაკრების შესახებ ვისაუბრო. ძალიან ვწუხვართ თორნიკე ოქრიაშვილის გამო. მან კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, თუმცა იმედია დაბრუნებას ჩვეულ დონეზე შეძლებს და ისევ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს. სხვა მხრივ, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვეცდებით მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რომელიც შესარჩევ ციკლში ჯერ კიდევ არ გვაქვს. სხვა საქმეა, რომ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ამას აქამდეც ვიმსახურებდით.

ვფიქრობ, ხვალ სხვა თამაში იქნება, ვიდრე იყო უელსში – მაშინ, მეტოქეს ბეილი ჰყავდა, თუმცა რემზი – არა. ახლა, პირიქით. ჩვენც ვერ დაგვეხმარებიან ლიდერები, რომლებმაც კარდიფში ითამაშეს. ასე რომ, სხვა თამაში იქნება და იმედია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართება.

მათე ვაწაძე? – ახლა აზრი არ აქვს ამაზე საუბარს. უმჯობესია იმათ შესახებ ვისაუბროთ, ვინც ნაკრებში გამოვიძახე. საქართველოს ჩემპიონატს აქტიურად ვადევნებ თვალს და ვნახე თითქმის ყველა გუნდის თამაში. უნდა ვიყოთ რეალისტები – საქართველოს ჩემპიონატი დღეს დაბალი დონისაა. კი, მართალია ფედერაცია ყველაფერს აკეთებს დონის ასამაღლებლად, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, ვფიქრობ, გიორგი ხარაიშვილი, მიუხედავად ეროვნულ ლიგაში კარგი თამაშისა, დღეს მზად არაა ეროვნული ნაკრებისთვის. საქართველოს ჩემპიონატში კარგად თამაში არ ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშისთვის მზადაა ფეხბურთელი და შეუძლია ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მაღალ დონეზე ითამაშოს, როგორიც უელსია. ეს, ასე ადვილი არაა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მყავს საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძეც. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი ახალგაზრდები, არაბიძე, ჩაკვეტაძე. ვცდილობ, მათ განვითარებას ხელი მაქსიმალურად შევუწყო. მიმაჩნია, რომ არ იქნება მართებული თუ მათი ასაკის ფეხბურთელებს მუდმივად ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახებ. ეს ეტაპობრივად, მეთოდურად უნდა მოხდეს. ახლა კი, ნაკრებში მყავს ძირითადი ბირთვი და ვფიქრობ, ბევრი ცვლილების დრო ნამდვილად არაა.

კონტრაქტი? – ვესაუბრე ლევან კობიაშვილს და შევთანხმდით, რომ ახლა მთავარი დარჩენილი ორი შეხვედრაა. შემდეგ ისევ შევხდებით და ყველაფერი გაირკვევა. ამ ეტაპზე კი, ახალი კონტრაქტი არ გამიფორმებია.

უელსთან შეხვედრაში გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გასათვალისწინებელია მეტოქის ხარისხიც, ეს გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ვეცდებით მოვიგოთ”, - განაცხადა ვაისმა.

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.

0.114928