წლების განმავლობაში საქართველოში სტადიონების ნგრევა მოდაში იყო. ამის ფონზე სასიამოვნო სიახლეა ის, რომ ზუგდიდში სტადიონი შენდება და ამ საფეხბურთო ქალაქს ბოლოს და ბოლოს ნორმალური არენა ეღირსა. ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე თვეში უნდა შევიდეს. არენა 7 200 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონის მშენებლობის ტენდერში კომპანია “დაგი” გამოვიდა გამარჯვებული, რომელმაც სხვათა შორის, 2015 წელს, უეფას ევროპის სუპერთასის წინ, “დინამო არენაზე” რეკონსტრუქცია ჩაატარა.
თუმცა, ისე გამოვიდა, რომ პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: ბოლო დღეებში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ზუგდიდის სტადიონზე გამაგრებულ ე.წ ბეტონის ჯებირებს, რომელიც, როგორც გაირკვა, თურმე სარეკლამო ბანერებისთვის ჩააშენეს.
არავინ იცის, როგორ, რანაირად, რატომ ან სად ნახეს სარეკლამო ბანერისთვის აპრობირებულ მეთოდად ბეტონის კედელი... რბილად რომ ვთქვათ, ეს ხიფათის შემცვლელია და ფეხბურთელისთვის ასეთ სტადიონზე თამაში არცთუ უსაფრთხოა.
საინტერესოა, რომ ზუგდიდში თავდაპირველად უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა იგეგმებოდა, მაგრამ ზემოხსენებული პრობლემის შემდეგ, შესაძლოა, არენას მეორე კატეგორიისთვის მოუწიოს ბრძოლა.
WORLDSPORT.GE მოცემულ ვითარებაში უკეთ გასარკვევად უეფა-ს მედია ოფიცერსა და სფფ-ის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელ მამუკა კვარაცხელიას დაუკავშირდა:
“უეფა სტადიონებს ახარისხებს შემდეგნაირად: პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის სტადიონები. საქართველოში ჩვენ გვაქვს:
მეოთხე კატეგორიის მხოლოდ ერთი სტადიონი - „დინამო არენა“ (შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები და ყველა სანაკრებო თამაში, აკი უეფას სუპერთასიც ჩინებულად ჩავატარეთ!).
მესამე კატეგორია, ორი - გორის „თენგიზ ბურჯანაძე“ და თბილისის „მიხეილ მესხი“ (შეიძლება ნაკრების თამაში და უეფას ევროტურნირების პლეი ოფების ჩატარება).
მეორე კატეგორია, ორი - ქუთაისის „რამაზ შენგელია“, ზესტაფონის „დავით აბაშიძე“ (უეფას მეორე ეტაპის მატჩები და ახალგაზრდული სანაკრებო თამაშები).
ფეხბურთის ფედერაციის ექსპერტები ვიზიტისა და ანალიზის შემდეგ განსაზღვრავენ ყველა სტადიონის ნუსხას, დალაგებულს ლიგების მიხედვით - ანუ ყველა სტადიონის მეპატრონემ და კლუბმა იცის სეზონის წინ - შეუძლია თუ არა ამა თუ იმ სტადიონზე პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ ლიგის (და თასის) მატჩების ჩატარება.
კონკრეტულად ზუგდიდის სტადიონზე: ჩემი მონაცემებით აპირებდნენ მესამე კატეგორის სტადიონის აშენებას. მშენებელმა კომპანიამ არ მიმართა ფედერაციას, განსხვავებით ბათუმის ახალი, 20 000 სტადიონის დამპროექტებლისგან, რომელმაც გამოგვიგზავნა პროექტი და დეტალურად განვიხილეთ ფედერაციის ყველა უწყებამ, მივეცით შენიშვნები და თუ ყველაფერი გაითვალისწინეს, ბათუმში გვექნება მეოთხე კატეგორიის სტადიონი.
მე შევხვდი ზუგდიდის სტადიონის მშენებელი კომპანიის მუშაკებს მარნეულში. მარნეულის სტადიონის ტენდერში იღებდნენ მონაწილეობას და გამოვხატე მზადყოფნა ნებისმიერ დროს ჩავსულიყავით ზუგდიდში ოფიციალურად, თუკი ფედერაციას ოფიციალურ წერილს მისწერდნენ, რაც საქმეს უდაოდ წაადგებოდა. მათგან ამ დრომდე არ ყოფილა მოწერილი ფედერაციაში არაფერი. მათ ფეისბუქზე ფოტოების განთავსების შემდეგ ფედერაციის ბევრმა შესაბამისმა მუშაკმა გაკვირვება გამოხატა აღნიშნული ბეტონის ბარიერის გამო, მეც პროფესიულმა ალღომ მიკარნახა და დასავლეთ საქართველოში სხვა სტადიონების სალიცენზიო ტურის ფარგლებში შევიარე ზუგდიდის სტადიონზე აღნიშნული ბეტონის კედლის სანახავად.
ფიფა-ს, უეფა-ს და სფფ-ის ყველა შესაბამისი დებულება თუ პარაგრაფი გვეუბნება:
- მანძილი გვერდითი ხაზიდან შემოღობვამდე- 6 მეტრი (შემოღობვაში იგულისხმება მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის).
- მანძილი კარის ხაზიდან შემოღობვამდე- 7.5 მეტრი.(შემოღობვაში იგულისხმება მყარი წინაღობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის).
- მანძილი სარეკლამო დაფებამდე - გვერდითი ხაზიდან მინიმუმ 4 მეტრი, კარსუკან - 5 მეტრი, კუთხურებთან - 3 მეტრი (იგულისხმება სარეკლამო დაფები, რომელიც მინდვრის გარშემოა განლაგებული, რომელთა სიმაღლე არის 90-100 სმ), რომლებიც ბუნებრივია შესაბამისი რბილი მასალით არის დამზადებული, დევს მინდვრის დონეზე და მყარად არ არის ჩაფიქსირებული ნიადაგსა თუ სარბენ ბილიკზე).
ზუგდიდის სტადიონის მშენებლებმა ალბათ არსებული ბეტონის შემოღობვა მიიჩნიეს სარეკლამო დაფების მისამაგრებელ ადგილებად, რაც ბუნებრივია ხიფათს შექმნის თუკი შეეჯახა ფეხბურთელი, რაც გიორგი ონიანის შემთხვევაში მოხდა.
განსხვავება მინდვრის ზომებს შორის არის შემდეგი:
- მეორე კატეგორიის სტადიონის მინდვრის ზომებია 100 მეტრი 64 მეტრზე.
- მესამე კატეგორიის სტადიონის მინდვრის ზომებია 105 მეტრი 68 მეტრზე.
ანუ, თუკი ზუგდიდის სტადიონის მინდორმა არ დააკმაყოფილა შესაბამისი ზომები, შესაბამისად ვერ მიიღებს მესამე კატეგორიას და იბრძოლებს მეორე კატეგორიის სტადიონის სახელისთვის (თუკი დააკმაყოფილა შესაბამისი ზომა, როცა სფფ-ს შესაბამისი, ოფიციალურად მოწვეული კომისია გაზომავს).
ერთმანეთზე გადაბრალებას და ჩხუბს, ჩემო მეგობრებო, სჯობია დავიკაპიწოთ მკლავები და ერთად გამოვასწოროთ პრობლემა, თუკი რა თქმა უნდა, მშენებელი კომპანიის სურვილი იქნება, მოგვმართონ ოფიციალურად და შესაბამისად შევამოწმებთ!
სტადიონის კატეგორიზაციისას გარდა მინდვრისა, უამრავი საკითხია: გასახდელები, სამსაჯო, დოპინგ კონტროლის ოთახი, სამედიცინო ოთახი, პრეს ლოჟა, ტელე კამარების სადგამი, საპრესკონფერენციო, ჟურნალისტთა სამუშაო ოთახი, ტელესტუდია,ვიპ ლოჟა, პარკინგი და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი შესამოწმებელია!“, - გვითხრა კვარაცხელიამ.
WORLDSPORT.GE კომპანია “დაგის” ტექნიკურ დირექტორს, ალექსანდრე კორკოტაშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმით, ბეტონის კედლები მოედანთან ახლოს არაა და შესაბამისად, ასეთი აჟიოტაჟი უადგილოა:
“ბეტონის კედლები მოედანთან არც ისე ახლოსაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად, ის მოედნიდან 5 მეტრითაა მოშორებული. როდესაც, სარეკლამო ბანერებია გაკრული, არ ჩანს რა არის უკან: ლითონის კონსტრუქცია თუ ბეტონის. ეს ყველაფერი თავიდანვე პროექტში იყო ჩადებული და ყველამ კარგად იცოდა, რომ სტადიონი ასეთი იქნებოდა.
ჩვენ ფეხბურთის ფედერაციისთვის პროექტი წინასწარ არ წარგვიდგენია და ამის ვალდებულება არც გვქონია. ჩვენ გავიმარჯვეთ ტენდერში და დავიწყეთ სტადიონის მშენებლობა. ასე, მგონია, რომ წინასაარჩევნოდ აგორებული თემაა. როგორც მოგეხსენებათ, ასეთ დროს, მსგავსი სიტუაციები იქმნება.
რაც შეეხება კედლის მონგრევას, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული, უფრო პროექტის ავტორს უნდა ჰკითხოთ. ამიტომ, მე ვერაფერს გეტყვით”, - განაცხადა კორკოტაშვილმა.
როგორც ხედავთ, კომიკური სიტუაცია შეიქმნა. ისე, უცნაურია, XXI საუკუნეში ასეთ თემაზე რომ გვიწევს საუბარი. კიდევ უფრო საკვირველია, რომ თანამედროვეობაში ასეთი კედლის დანგრევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და წესით, არც ზუგდიდის სტადიონზე უნდა გვქონდეს სხვა შემთხვევასთან საქმე. ყველაფერი ალბათ უახლოეს მომავალში გაირკვევა – ფაქტია, საფეხბურთო მოედანზე, თუნდაც სარეკლამო ბანერებისთვის, ე.წ ბეტონის ჯებირებს არაფერი ესაქმება...