არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი სერხიო აგუერო, რომელიც გასულ კვირაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, მოედანზე დაბრუნებას თვენახევრის განმავლობაში ვერ შეძლებს.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ექიმის განცხადებით, ფეხბურთელს დაზიანებული ნეკნის მოსაშუშებლად 4-დან 6 კვირამდე დრო დასჭირდება.
"სერხიო თავს ცუდად გრძნობს. მას დიდი სურვილი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებს გადამწყვეტ შეხვედრებში დახმარებოდა, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელია" - აცხადებს არგენტინის ნაკრების ექიმი.
არგენტინის ეროვნულ ნაკრებს 6 და 11 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩები ელის. ხორხე სამპაოლის შეგირდები ჯერ პერუს ნაკრებს უმასპინძლებენ, მერე კი ეკვადორს სტუმრად ეთამაშებიან და ამ შეხვედრების შედეგებზეა დამოკიდებული მუნდიალზე მათი მოხვედრის საკითხი.