დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა ის 4 გუნდი, რომლებიც თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებენ.
გუშინ, ოლიმპიურ სასახლეში გასამართი 3 მატჩიდან 2 ჩატარდა. „მგზავრებს“ ტრავმირებული მოთამაშეების გამო მატჩის განაცხადში შესაყვანად საკმარისი მოთამაშეები ვერ მოუგროვდა და „დინამოსთან“ ტექნიკური წაგება - 0:20 ჩაეთვალა. შესაბამისად, „დინამო“, რომელსაც პირველ ტურში „თსუ-ჰიუნდაი“ ჰყავდა დამარცხებული, ნახევარფინალში გავიდა.
„ბ“ ჯგუფში პირველი ადგილისთვის „რუსთავი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. რუსთაველებს პირველ ტურში წაგებული ჰქონდათ „კაკტუსთან“, თუმცა „ოლიმპის“ 11 ქულით დამარცხება მათ ჯგუფში პირველ ადგილს უნაღდებდა და ამ ამოცანას ქვემოქართლელებმა კარგად გაართვეს თავი. შესანიშნავი თამაშის წყალობით, „რუსთავმა“ „ოლიმპს“ 80:65 სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.
საბოლოოდ, „ოლიმპიც“ გავიდა ნახევარფინალში, თუმცა საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსტით. ოლიმპელებმა 1 მატჩი მოიგეს, 1 წააგეს და სხვა მეორეადგილოსნებს - „კაკტუსს“ და „თსუ-ჰიუნდაის“ ბურთების შეფარდებით აჯობეს.
ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა „ქუთაისისა“ და „სოხუმის“ დაპირისპირებაში გამოვლინდა. სოხუმელებს 10 ქულით მარცხიც აძლევდათ ხელს, ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით რომ გასულიყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდი ჩააგდეს და შეხვედრა 16 ქულის სხვაობით - 76:91 დათმეს.
ოლიმპი - რუსთავი 65:80
სოხუმი - ქუთაისი 75:91
5 ოქტომბერს, ნახევარფინალში, „დინამო“, რუსთავი, „ქუთაისი“ და „ოლიმპი“ ითამაშებენ. გუნდები 4 ოქტომბერს, კენჭისყრის შედეგად დაწყვილდებიან.
superleague.ge