გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის ტურის ოთხი მატჩი. წესით, ხუთი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ “მცხეთა პარკზე” ვის ეფეხბურთებოდა... როგორც იცით, “ზუგდიდის” მეკარე შოთა მამინაშვილი “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩის წინ, მოთელვის დროს გარდაიცვალა.
ლიდერმა მარტვილის “მერანმა” შინ “ცხინვალს” 3:1 მოუგო. საინტერესოა, რომ სტუმრებმა თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ცხრა კაცით ითამაშეს. პირველ ტაიმში ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ლაცაბიძე გააძევეს.
მეორეადგილოსანმა “რუსთავმა” ნიკოლოზ აფაქიძის გოლით 1:0 აჯობა წყალტუბოს “სამგურალს” და ფაქტობრივად, გაინაღდა კიდეც მეორე ადგილი. რუსთაველები პირველობისთვის და უმაღლესში პირდაპირ გადასასვლელად იბრძოლებენ.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართა და “სიონმა” გიორგი მიქაბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა “გაგრა”. ბოლნისელები შვიდქულიანი ჰანდიკაპით არიან მესამე ადგილზე. ეს, ფაქტობრივად, ექვსქულიანი თამაში იყო.
ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ტყიბულის “მეშახტემ”, თანაც, ლანჩხუთში 1:0 აჯობა კონკურენტ “გურიას”. შეხვედრის მიწურულს, ნიკო კვასხვაძის დარტყმა ზუსტი გამოდგა და ტყიბულელებმა ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.
მერანი (მარტვილი) – ცხინვალი 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 ტრეტიაკი (8), 2:0 მელიავა (28), 2:1 მათიაშვილი (29), 3:1 ჩუკვურა (77)
გაძევება: ყურშავიშვილი (38, ცხინვალი), ლაცაბიძე (53, ცხინვალი)
გურია (ლანჩხუთი) – მეშახტე (ტყიბული) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ნიკო კვასხვაძე (87)
გაძევება: ლაბაძე (48, გურია)
სიონი (ბოლნისი) – გაგრა 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 მიქაბერიძე (15)
რუსთავი – სამგურალი (წყალტუბო) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 აფაქიძე (70)
ვიტ ჯორჯია – ზუგდიდი გადაიდო