კალათბურთი

13:45 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

LA Clippers- ახალი სახეებით, იმავე მიზნებისკენ

ბოლო წლებში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ნაცვლად, უდიდეს იმედგაცრუებად ჩამოყალიბდა. ძალიან კარგი ძირითადი შემადგენლობა, გრძელი სკამი და მეპატრონე, რომელიც გუნდისთვის არაფერს იშურებს. ბალმერს საერთოდ არ ადარდებს, რამდენია სახელფასო ჭერი - იმატებს ყველას, ვინც საჭიროა და უხდის იმდენს, რამდენიც მოთამაშეს სურს.

კარგად მახსოვს, როგორ იმუქრებოდნენ რონი ტურიაფი და გაძლიერებული "კლიპერსის" პირველი თაობის სხვა "გენიალური" მოთამაშეები, რომ ლოს-ანჯელესი "ლეიკერსის" აღარ იყო. ვერ შეედავები, ნამდვილად ასე მოხდა. ანგელოზების ქალაქში გუნდებმა ადგილები გაცვალეს, მაგრამ რის ხარჯზე? სულ ორი ვარიანტია - "კლიპერსი" გაძლიერდა ან "ლეიკერსი" დასუსტდა. ცვლილებებზე ორივე ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ უფრო მეორემ, რადგან იმ დონესთან, საიდანაც ერთი დაეშვა, მეორე ჯერ ახლოსაც არ მისულა. შეიძლება, კრის პოლსა და გრიფინს პროცესში უკეთესი თანაგუნდელებიც კი ჰყავდათ, ვიდრე კობის და პაუს, მაგრამ არსებობს რაღაც სიმაღლე, რომელსაც "კლიპერსი" ვერაფრით შეწვდა. ჯერჯერობით.

პერიმეტრი, საშუალო, უკანა ხაზი, სამწამიანი - შეტევის ნებისმიერ ასპექტში გუნდში ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები იყვნენ. თავად შეაფასეთ:

პერიმეტრი

რედიკი, პოლი, რივერსი, პირსი, მბა ა მუტე, კროუფორდი, სპეითსი, გრიფინი...

2 ძალიან მაღალი და მინიმუმ 6 საშუალო დონის სნაიპერი. სამქულიანების რეალიზაციის პროცენტის მხრივ ლიგაში მე-7 ადგილი. ბევრად უკეთესიც შეიძლებოდა.

სამწამიანი

დეანდრე, გრიფინი, სპეითსი, ბასი, ჯონსონი... ეს ის ხუთეულია, რომელიც ფარზე აქტიურობით გამოირჩევა. ნამდვილად შესაშური წინა ხაზია. გრიფინისა და ჯორდანის დუეტი ცალკე თემაა - კაზინსი-დევისის შემდეგ ლიგის საუკეთესო მაღალი დუეტია და ამ გუნდს თამაშში საშუალოდ მხოლოდ 43 მოხსნა აქვს, რითიც 21-ე ადგილს იკავებს, არადა გუნდი სამწამიანში უნდა დომინირებდეს. უბრალოდ სირცხვილია.

ორქულიანები

ბუნებრივია, ის მოთამაშეები, რომლებიც პერიმეტრიდან კარგად ისვრიან, საშუალო დისტანციიდანაც დიდ ძალას წარმოადგენენ. პრინციპში, თუ დეანდრეს არ ჩავთვლით, ორქულიანებს ყველა მოთამაშე ძალიან კარგად ესვრის და შედეგიც შესაბამისია - მე-4 ადგილი რეალიზაციის მხრივ.

მთლიანობაში, "კლიპერსი" შეტევების 47.5%-ს შედეგიანად ასრულებს, რაც ლიგაში მე-2 მაჩვენელია.

ასეთი კარგი შეტევის და კიდევ უკეთესი რესურსის ფონზე, გუნდი ბევრად მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს, მაგრამ რეალობა სხვაა. რატომ? იქნებ, მიზეზი დაცვაშია?

პოლი - საუკეთესო დამცველების პირველი ხუთეულის წევრი უკანასკნელი 6 სეზონის განმავლობაში

ჯორდანი - საუკეთესო დამცველების პირველი ხუთეული (2014, 2015, 2016)

CP-სა DJ-ს გარდა, გუნდში მბა ა მუტე, რივერსი, გრიფინი და ჯონსონი იყვნენ, რომლებიც დაცვისას საკმაოდ ეფექტურად ირჯებიან. შესაბამისად, წარუმატებლობა არც დაცვის ბრალია. იქნებ, ყველაფრის მიზეზი ტრავმებია?

ამაში სიმართლის არცთუ პატარა მარცვალი მართლაც არის - "კლიპერსს" ყოველ სეზონში ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აკლდებოდნენ, მაგრამ ჯერ ერთი, ეს სხვა გუნდებშიც ხდება და მეორე - ხანდაზმულ "სან ანტონიოს" რატომ არ აქვს იგივე პრობლემა მუდმივად? - იმიტომ, რომ სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალურად ცდილობს, მოთამაშეები ზედმეტად არ დატვირთოს და სწორადაც ავარჯიშებენ.

მივედით იმ მიზეზამდე, რომელიც, ჩემი აზრით, "კლიპერსის" წარუმატებლობის საწყისია - დოკ რივერსი და მისი სამწვრთნელო შტაბი. ეგ როგორ? რივერსი ხომ საქვეყნოდაა ცნობილი, როგორც მაღალი დონის სპეციალისტი? ვფიქრობ, ეს სტერეოტიპი არასწორად ჩამოყალიბდა, რადგან მისი სისუსტე ბევრჯერ გამოჩნდა. და საერთოდაც, როდის დაამტკიცა დოკმა, რომ კარგი მწვრთნელია? ამაზე ოდესმე დაფიქრებულხართ?

მისი სამწვრთნელო კარიერა "ორლანდოში" დაიწყო, სადაც მან წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მოიპოვა. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან სუსტი ორლანდო არა პლეი-ოფში, არამედ მის ზონასთან ახლოს მიიყვანა. რამდენიმე ჩვეულებრივი სეზონის შემდეგ ის დაითხოვეს. მცირე პაუზა და "ბოსტონი", სადაც მან თავისი "ოქროს ხანა" გაატარა. 2 სუპერფინალი "ლეიკერსთან" და 1 ჩემპიონობა.

როდესაც NBA-ს ჩემპიონი ხდები, ე.ი. კარგი სპეციალისტი ხარ, მაგრამ შემადგენლობასაც ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს? მოდი, ის "სელტიქსი" გავიხსენოთ - ჩემპიონობას მოწყურებული დიდი სამეული პირსის, გარნეტისა და ალენის სახით. სამივე მათგანი, ალბათ, კარიერის პიკში სწორედ 2007-2010 წლებში იყო. ამასთან, გუნდში გლენ დევისი, კენდრიკ პერკინსი, სემ კასელი, რაჟონ რონდო, ტონი ალენი და სხვა ნორმალური მოთამაშეენი ირიცხებოდნენ. გუნდი უმაღლესი დონის შემტევიბითა და დამცველებით იყო დაკომპლექტებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან თითქმის ყველა ყოველთვის გუნდზე ორიენტირებული უფრო იყო, ვიდრე პირად სტატისტიკაზე. დამეთანხმებით, ასეთი გუნდით ბეჭდების მოპოვება შედარებით იოლია. რთული, მაგრამ იმაზე მარტივი, ვიდრე თუნდაც 2015 წელს "გოლდენ სტეიტით". დიახ, არ მოგეჩვენათ - "გოლდენ სტეიტით". თუ გეეჭვებათ, ერთი წლით ადრინდელი "უორიორზის" შედეგებს გადახედეთ და იმას, თუ როგორ გაძლიერდა გუნდი 2014 წლის ზაფხულში.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დოკი ცუდი სპეციალისტია, მაგრამ ვთვლი, რომ არც ისეთი მაღალი დონისაა, როგორიც გვგონია. მან იცის, როგორ შეათამაშოს, სუპერვარსკვლავები და როგორ შექმნას სისტემა, სადაც მათთან ერთად საშუალო დონის კალათბურთელებიც გამოიჩენენ თავს. თუმცა ნიჭიერი მოთამაშისგან გუნდის ლიდერის ჩამოყალიბება სხვა თემაა და ეს ჯექსონს, გრეგს, ბრაუნს, კერს და სხვებს უკეთ გამოსდით. რივერსი კარგია კონკრეტულ მოთამაშეებთან ერთად, თორემ ისე საშუალო დონის მწვრთნელად მიმაჩნია. ცოტა მოძველებული და უცნაური ხედვებით...

ზაფხულში კრის პოლის, რედიკის, კროუფორდის გაშვების მიუხედავად, ვთვლი, რომ "კლიპერსი" მაინც გაძლიერდა. როგორც იქნა, გუნდმა დაიმატა მაღალი დონის მსუბუქი ფორვარდი, რომელიც პერიმეტრზეც და სამწამიანშიც მეტოქეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. გალინარის გარდა, კალიფორნიაში ბევერლი, ჰარელი, ლუ უილიამსი, დეკერი და სხვა მოთამაშეები გადაბარგდნენ. კარგი სიაა, მაგრამ ხსენებული მოთამაშეებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, "კლიპერსის" მთავარ შენაძენად სხვა კალათბურთელს მივიჩნევ - გუნდმა დაიმატა მილოშ ტეოდოსიჩი, რომელიც, თავისი ასაკის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პირველ ნომრად მიმაჩნია.

შემადგენლობა საკმაოდ სოლიდურია:

PG - ტეოდოსიჩი, რივერსი

SG - ბევერლი, უილიამსი

SF - გალინარი, ჯონსონი

PF - გრიფინი, რიდი, დეკერი

C - ჯორდანი, ჰარელი, პლამლი

ძალიან კარგი ძირითადი ხუთეული ღრმა სათადარიგო სკამით...

ტეოდოსიჩის ინტელექტი, მაჯა და მოედნის ხედვა...

სამწამიანში გრიფინი-ჯორდანის დუეტს დამატებული გალინარი...

ბევერლის, ჯორდანის, ჰარელის, რიდის, ჯონსონისა და რივერსის დაცვითი უნარები...

პერიმეტრზე მილოში, რივერსი, ბევერლი, უილიამსი, გალინარი...

დაცვიდან შეტევაზე სწრაფად გადაწყობის უნარი...

ტეოდოსიჩის და უილიამსის იმპროვიზაცია...

როდესაც ასეთი მრავალმხრივი შემადგენლობა და იმპროვიზაციის შესაძლებლობა გაქვს, ვერაფერზე დაიწუწუნებ. თანაც გყავს მფლობელი, რომელიც წარმატებისთვის ყველაფერს გაიღებს და ბოლომდე გვერდით გედგება...

გუნდის ლიდერი, სავარაუდოდ, გრიფინი იქნება და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას. მომავალ სეზონში გამოჩნდება, ვცდები თუ არა, როდესაც ვამბობ, რომ დოკს სუპერვარსკვლავის ჩამოყალიბება არ შეუძლია. შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს სეზონი რივერსისთვის გადამწყვეტია და თუ შედეგი არ გაუმჯობესდა, მას კვლავ დაითხოვენ.

კონკურენცია დიდია, განსაკუთრებით დასავლეთში, მაგრამ როდესაც კერმა "უორიორზი" ჩაიბარა, სიტუაცია მაშინაც ასეთი იყო. თუმცა მან შეძლო და შემადგენლობის განსაკუთრებით გაძლიერების გარეშე, გუნდი პირველივე სეზონში გააჩემპიონა. ამის მთავარი მიზეზი კი მოთამაშეების სწორად გამოყენება და მათგან მაქსიმუმის მიღება იყო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა იმავეს დოკი. მეეჭვება, მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ისღა დაგვრჩენია, სეზონის დაწყებას დაველოდოთ, რომელიც არც ისე შორსაა - სულ რაღაც 2 კვირაში ნამდვილი კალათბურთი ბრუნდება!

https://subwayalumnischronicles.blogspot.com/

0.134274