თბილისში, საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. ფეხბურთის ლეგენდები ბორჯომისთვის – კარგი სანახაობა გამოვიდა. ახლო წარსულის გამორჩეული ფეხბურთელები 90 წუთით წარსულში დაბრუნდნენ და მწვანე მინდორზე ბურთი გააგორეს.
რა თქმა უნდა, არ იყო ძველი სისწრაფეები, მაგრამ იყო ბევრი კლასი, რომელიც არსად იკარგება. სხვათა შორის, რამდენიმე ვეტერანი ახლაც კარგ ფორმაშია და ბევრ მოქმედ ფეხბურთელსაც კი შეშურდებდა. მაგალითად ლუკა ტონი – იტალიელი ფორვარდი აქტიურ სპორტს 2016 წელს გამოეთხოვა და ახლაც არ გამოიყურება ურიგოდ, დუბლიც შეასრულა. გადასარევი თამაში ჩაატარა ფრანგმა მეკარემ, სებასტიან ფრეიმ არაერთი ლამაზი სეივი შემოგვთავაზა და სტადიონზე შეკრებილი ქომაგის აღფრთოვანებაც გამოიწვია. და, რა თქმა უნდა, ფრანჩესკო ტოტი – იტალიელი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მოედანზე პირველად გავიდა. ჩესკო რიგ ეპიზოდებში პუბლიკაზე თამაშობდა და ტექნიკის დემონსტრირებას ახდენდა. 67-ე წუთზე ულამაზესი გოლიც გაიტანა: 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და კრისტიან აბიატის შანსი არ ჰქონია.
რაც შეეხება მატჩს, WORLD XI მთელი თამაში ლიდერობდა, ხოლო GFF XI მდევრის როლში სცდილობდა თამაშს. ფრანჩესკო ტოტის გოლის შემდეგ კი თამაში გათანაბრდა ანგარიშიც აისახა. ანდრეი შევჩენკო ჩინებულად თამაშობდა: ჯერ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და გიორგი დემეტრაძემ შეამცირა სხვაობა, ხოლო ცოტა ხანში უკვე თავად უკრაინელმა ფორვარდმა გაიტანა – 5:5.
თუმცა, მეგობრულ შეხვედრაში გამარჯვებული მაინც გამოვლინდა: 90-ე წუთზე, მარკო დელვეკიომ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩი WORLD XI 6:5 მოიგო.
GFF XI – WORLD XI 5:6 (2:4)
გოლები: 0:1 ტონი, 1:1 იაშვილი, 1:2 სალგადო, 1:3 რივალდო, 1:4 ტონი, 2:4 კაფუ, 3:4 კურანი, 3:5 ტოტი, 4:5 დემეტრაძე, 5:5 შევჩენკო, 5:6 დელვეკიო