ფეხბურთი

19:39 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამო”: ზედიზედ მეოთხე მატჩი მოუგებლად

თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთთან” ფრედ ითამაშა. სამტრედიაში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა, გოლები კი ბოლოს, ორწუთიან ინტერვალში გავიდა. ფოთელები ბოლოსწინა ადგილზე არიან, ხოლო “დინამო” ლიდერია, მაგრამ ზედიზედ მეოთხე მოუგებელი მატჩი ჩაატარა.

კახა კაჭარავას ხელახლა უწევს გუნდის შეკოწიწება და შეთამაშება. ამ ზაფხულს “დინამოს” იმდენი ფეხბურთელი გამოაკლდა (თან, სულ წამყვანი ფეხბურთელები), რომ არც გვიკვირს ასეთი შედეგი. კაჭარავაც იძულებულია, სრულიად ახალბედები ათამაშოს ასეთ გადამწყვეტ პერიოდში: როცა ჩემპიონი ან გახდება, ან – ვერა...

16 წლის დებიუტანტები

“დინამოს” სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურაბ დავითაშვილი და 72 წუთიც ითამაშა. ასევე, ბოლო ნახევარი საათი მინდორზე დაჰყო ხვიჩა კვარაცხელიამ. ორივენი 16 წლისები არიან, 2001 წელს დაბადებულნი. თამაშობენ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში და განვლილ ორ საერთაშორისო ტურნირზე გოლი გოლზე გაჰქონდათ.

დებიუტი ორივე მათგანს კარგი გამოუვიდა. დავითაშვილმა პენალტის უფლება მოიპოვა, ხოლო კვარაცხელიამ საგოლე პასი გაუკეთა ბექა ქავთარაძეს.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 18 წლის ქავთარაძემ პირველი გოლი მიითვალა უმაღლეს ლიგაში. მან მხოლოდ მესამედ ითამაშა, წინა ორ შეხვედრაშიც რამდენიმე წუთით გამოჩნდა მოედანზე. დღეს კი ქავთარაძემ სწორედ დავითაშვილი შეცვალა.

ფოთელთა გოლი

ლამაზი გოლი გაიტანეს ფოთელებმა. მშვენივრად გაათამაშეს ბურთი, ბოლოს დავით ბოლქვაძემ მოძებნა იგორ ბროვკო და მანაც მოულოდნელი, ჩახვეული დარტყმით გაუტანა ნუკრი რევიშვილს. ეს ბროვკოს მეორე გოლია ჩემპიონატში და ის პირველიც თბილისის “დინამოს” გაუტანა.

ეროვნული ლიგა. 28-ე ტური

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)

კოლხეთი: სეფიაშვილი, ნონდი, კერძევაძე (ბროვკო 42), ვ.კილასონია, კაკულია, ჯიშკარიანი, მაჩარია, ჯანელიძე (შალიკაშვილი 76), ბოლქვაძე, დერებჩინსკი, ბუხაიძე

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ქარდავა, ზარია, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ქავთარაძე 72), შულაია (კვარაცხელია 62), მიქელთაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 ბროვკო (81), 1:1 ქავთარაძე (83)

38-ე წუთზე მიქელთაძემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: ბოლქვაძე, კაკულია, ბროვკო

მსაჯი: ნონიკაშვილი

0.269574