სხვა

12:11 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოლეცკი დააჯილდოვეს, შემდეგი კასაბიევია

ძალოსანი არსენ კასაბიევი პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, რომელიც ბოლო წლებში პოლონეთის სახელით გამოდის, პეკინში მე-4 ადგილი დაიკავა. შარშან კი, ლონდონისა და პეკინის ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების კიდევ ერთხელ გადამოწმებისას, ძალოსანთა 94 კილოგრამი წონითი კატეგორიის საპრიზო სამეულში შესული ორი სპორტსმენის სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოჩნდა. რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურატ აკაევს ბრინჯაო ჩამოართვეს, ყაზახი ილია ილინი კი ჩემპიონის ტიტულს დაემშვიდობა.

დოპინგ-სკანდალით ყველაზე მეტად ვერცხლის პრიზიორმა შიმონ კოლეცკიმ ისარგებლა - უმაღლეს ჯილდოს დაეუფლა. პოლონელი სპორტსმენი კუთვნილი ოქროთი ამ დღეებში დააჯილდოვეს. ჯერი კი არსენ კასაბიევზეა.

პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 3 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონები ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილები კი ნინო სალუქვაძემ (ტყვიის სროლა), ოთარ თუშიშვილმა და გიორგი გოგშელიძემ (ორივე თავისუფალი ჭიდაობა) დაიკავეს.

შარშან გოგშელიძე ვერცხლის პრიზიორად გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ზემოთ ნახსენები დამატებითი დოპინგ-სინჯების შედეგად, მედალი ყაზახი ფინალისტს - ტაიმურაზ ტიგიევს ჩამოართვეს.

0.115376